skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება

25 აგვისტოს აფხაზეთში გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილე 9 კანდიდატიდან ვერც ერთმა შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება, შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს შედგება, ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი – მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა (ხმების 23.85%-ით) და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია (ხმების 21.97%-ით) დაუპირისპირდება.

ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, საარჩევნო სიაში სულ 129 421 მოქალაქე იქნა დარეგისტრირებული, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა 66.5%-მა მიიღო.

არჩევნებისთვის, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა „პრეზიდენტთან“ ერთად „ვიცე-პრეზიდენტსაც“ ირჩევდა, აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ორი საარჩევნო უბანი ასევე გახსნილი იყო რუსეთის ფედერაციაში – მოსკოვსა და ჩერკესკში. გეგმის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ საარჩევნო უბნის გახსნა ვერ მოახერხა თურქეთში, რისი ზუსტი მიზეზიც ამ დრომდე ცნობილი არ არის.

არჩევნებზე „პრეზიდენტობის“ კანდიდატად თავდაპირველად 10 პირი იყო დარეგისტრირებული. ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ 20 აგვისტოს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, რეგისტრაცია გაუუქმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატს ასტამურ ოტირბას, რომელმაც დადგენილ ვადებში „ვიცე-პრეზიდენტობის“ ახალი კანდიდატურის დასახელება ვერ შეძლო. მისმა ყოფილმა თანამებრძოლმა დავით დასანიამ „ვიცე-პრეზიდენტის“ პოსტზე თავისი კანდიდატურა 9 აგვისტოს მოხსნა.

თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ განიხილავს, როგორც „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას“. საგარეო უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. საგარეო უწყებამ ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“.

აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში,  მან არჩევნებს „არალეგიტიმური“ უწოდა და აღნიშნა, რომ „საქართველო გმობს ამ ყალბ პროცესს, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის მორიგ შელახვას“.

აფხაზეთში ჩატარებულს არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც. 15-მა ქვეყანამ, მათ შორის, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, კანადამ, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ „არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებს მის შედეგებს“.

15-მა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა „სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მოუწოდა რუსეთს:

  • გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება;
  • გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონების დაუბრკოლებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ „აუცილებელია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად“.

აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს ნატოც.

„ნატოს მოკავშირეები არ ცნობენ საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენტიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ფეისბუქზე ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ „სრული მხარდაჭერა“ გამოხატეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა – ტიტუს კორლაცეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი).

„2019 წლის 25 აგვისტოს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები… არც კანონიერი და არც ლეგიტიმურია. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ვნებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ადამიანების გაერთიანების ნაცვლად, მათ დაშორებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში აღიარა. რუსეთის გარდა, საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას კიდევ სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button