ხაჯიმბა აფხაზეთის ახალი ლიდერი ხდება
აბაზა TV-ს კადრიდან ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ აძლევს ხმას რაულ ხაჯიმბა სოხუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 2014 წლის 24 აგვისტოს.
2004 წლიდან მოყოლებული საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი სამი მარცხის შემდეგ, რაულ ხაჯიმბა სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ხდება ხუთი წლით 24 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების გამო ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ დაინიშნა.
56 წლის ხაჯიმბა, რომელიც სამი თვის წინანდელი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბეწვზე გადაურჩა მეორე ტურს მიიღო რა 50 494 ამომრჩევლის მხარდაჭერა, რაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50.57%-ს შეადგენს, სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად.
ასლან ბჟანიამ, უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ოთხ-კანდიდატიან მარათონში მეორე ადგილი დაიკავა ხმათა 36%-ით; მას მოსდევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მერაბ ქიშმარია და შინაგან საქმეთა ასევე ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაფშბა, შესაბამისად, ხმების 6.4% და 3.4% -ით.
აფხაზეთის ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 70% შეადგინა. რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი საარჩევნო სიებიდან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამოიღეს.
„ამცახარამ“, ბჟანიას მხარდამჭერმა პოლიტიკურმა პარტიამ მიულოცა ხაჯიმბას არჩევნებში გამარჯვება და დანარჩენმა ორმა კანდიდატმაც, ქიშმარიამ და ძაფშბამ ასევე აღიარეს დამარცხება.
ხაჯიმბამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი უპირველესი პრიორიტეტები პოლიტიკური სისტემის რეფორმა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა იქნება.
- აფხაზეთის ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების ‘სრულყოფის მიზნით ახალი ხელშეკრულებისკენ’ მოუწოდებს
- სოხუმი აღიარებას ბელარუსსა და ყაზახეთს თხოვს
კამპანიის მიმდინარეობისას ბევრი საუბარი იყო საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის გატარების საჭიროებაზე ძალთა უკეთესი ბალანსის მქონე სისტემის მისაღებად. არჩევნების წინა დღეს, ოთხივე კანდიდატმა ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას „ეროვნული ერთიანობის მიღწევისა და პოლიტიკური სისტემის რეფორმის განხორციელების ზომების შესახებ“, რომელშიც კანდიდატებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების პირობა დადეს პოლიტიკურ სპექტრში მოქმედი „პროფესიონალების“ მიწვევის გზით.
ვიტალი გაბნია, აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის „არუაა“-ს ხელმძღვანელი, რომელიც ასევე აქტიურობდა ანქვაბის წინააღმდეგ ორგანიზებულ გამოსვლებში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
„რეფორმების დრო მოვიდა“, – დაწერა გაბნიამ თავის Facebook-ის გვერდზე მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა ხაჯიმბას გამარჯვება გამოკვეთა.
საარჩევნო კამპანიის დროს რაულ ხაჯიმბა რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობებისკენ მოუწოდებდა, თუმცა არა „ასოცირებული“ კავშირისკენ.
რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც 1985-1986 წლებში მინსკში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ე.წ. კგბ-ს სკოლა დაამთავრა, 1992 წლამდე ტყვარჩელში კგბ-ს საქალაქო განყოფილებაში მუშაობდა. 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში ის ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტის სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო. 90-იანი წლების ბოლოს ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2002 წლიდან თავდაცვის მინისტრად მსახურობდა მანამ, სანამ აფხაზეთის მაშინდელი ლიდერი ვლადისლავ არძინბა 2003 წელს პრემიერ-მინისტრად დააწინაურებდა.
ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2005-2009 წლებში. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა, რასაც წინ უძღოდა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წელს, რომელშიც კრემლი ხაჯიმბას ღიად უჭერდა მხარს.
2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს, ხაჯიმბა ხმათა 15.4%-ით მეორე ადგილზე გავიდა. 2011 წლის არჩევნებში, რომლითაც ალექსანდრე ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%–ით.
თბილისის რეაქცია
სეპარატისტულ აფხაზეთში გამართულ არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა 25 აგვისტოს ჟურნალისტებს: „ამ არჩევნებზე მე მიმაჩნია, რომ კომენტარი არ უნდა გავაკეთო იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები თავიდანვე იყო არალეგიტიმურად ცნობილი, შესაბამისად, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 25 აგვისტოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „ე.წ. „ საპრეზიდენტო არჩევნების“ გამართვა არის არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა“. მისი თქმით, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური წმენდის შედეგად რეგიონიდან გამოდევნილი რჩება და რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
„ამ ვითარებაში სრულიად აღმაშფოთებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეალობის დაკანონებას ე.წ. „არჩევნების“ ან დემოკრატიული მმართველობის რაიმე ელემენტის არსებობის ილუზიის შექმნის გზით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და მადლიერება გამოხატა „საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომელიც გმობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. „არჩევნებს“ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აფხაზეთში ჩატარებული „უკანონო“ საპრეზიდენტო არჩევნები, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების „სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას“ წარმოადგენს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ე.წ. არჩევნები „არსებითად არაფერს შეცვლის“. „მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ იმ ფიგურასთან, ვინც წარმოადგენს აფხაზური საზოგადობის ინტერესებს“, – განაცხადა მან.
საერთაშორისო რეაქცია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და „რუსულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გამყარებისთვის“ მზადყოფნა გამოთქვა, განაცხადა 25 აგვისტოს კრემლმა.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ აღიარებს „იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები იმართება“.
ნატომ განაცხადა, რომ „ე.წ. არჩევნები“ აფხაზეთში „არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას“ და „არ ცნობს მის შედეგებს“.
„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ჩვენ ვრჩებით მკაფიო პოზიციაზე: ესენი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ 25 აგვისტოს.
უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“ აფხაზეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)