skip to content
ახალი ამბები

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit“ დასრულდა

აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit“ დასრულდა. დახურვის ოფიციალური ცერემონიალი 9 აგვისტოს, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.

ცერემონიალზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდნენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „Agile Spirit 2019“-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „ეს სწავლება თავისი მასშტაბით და ფუნქციური დატვირთვით, ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში“.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, სწავლების მასშტაბი იმ მზარდ დინამიკას ასახავს, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს. მისივე თქმით, სწავლების მთავარი გზავნილიც სწორედ ის არის რომ „ძალა პარტნიორობაშია“.

იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე იგეგმება „Agile Spirit“-ის სწავლებების მასშტაბების გაფართოება, რომელიც როგორც „სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე მის ფუნქციურ დატვირთვაში აისახება“.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს, როგორც მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციის მნიშვნელოვან ისტორიულ როლსაც გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ნატოში გაწევრიანების ამბიციაც, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

„ყველას გვახარებს ის მიდგომა, რომელიც ნატოს განსაკუთრებით ვარშავის სამიტის შემდეგ აქვს, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს რეგიონული კონტექსტი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„Agile Spirit 2019“-ის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, ნატოზე, როგორც გლობალური მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

„საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი გზა – ეს არის გზა, რომელიც თანაბრად სჭირდება საქართველოს და მის საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით კი, „ასეთი სწავლებები კიდევ ერთხელ რეალურს ხდის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ, რომ მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“.

მისივე თქმით, ამ სწავლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2019“ 27 ივლისს დაიწყო და ორ კვირას გაგრძელდა. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყენების 3 000-ზე მეტი სამხედრო იღებდა მონაწილებას და ის ერთდროულად სამ – ვაზიანის, ორფოლოსა და სენაკის – სამხედრო-საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა.

წლევანდელი წვრთნების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა იყო.

Agile Spirit პირველად 2011 წელს, აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა. 2015 წლიდან კი, სწავლებას არაერთი ქვეყანა შეუერთდა.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button