ახალი ამბები

რუსეთის დუმა „სამხრეთის ოსების გენოციდის“ აღიარებაზე იმსჯელებს

Tags

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სახელმწიფო დუმაში ყურადღებით გაეცნენ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებას 1920 წელს საქართველოს მიერ მოწყობილი სამხრეთის ოსების გენოციდის აღიარების შესახებ“, რომლითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საკანონმდებლო ორგანომ“ რუსეთის ფედერალური კრების ორივე პალატას – სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს 31 ივლისს მიმართა.

ვოლოდინის თქმით, „სახელმწიფო დუმის საბჭო, რომელშიც დუმის ხელმძღვანელები, ასევე პოლიტიკური ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები შედიან, ამ მიმართვას უახლოეს სხდომაზე განიხილავს“.

ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთი „გენოციდის ასი წლის თავს აღნიშნავს“. „სამხრეთის ოსეთის ეროვნული ტრაგედიის წლისთავთან“ დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საკანონმდებლო ორგანო“, „გენოციდის აღიარების პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაბიჯების თაობაზე“ რუსეთის სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს ოსური საპარლამენტო დელეგაციის მიღებასა და კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ „1920 წლის გენოციდი ეროვნული ცნობიერების ღია ჭრილობად რჩება“. „გენოციდის ფაქტის ფართო აღიარება, პერსპექტივაში საქართველოს მხრიდანაც, გახდებოდა არამხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აქტი, არამედ ქმედითი ფაქტორი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ შეიარაღებული აგრესიის ხელახალი გამოვლინების შესაკავებლად“, – აცხადებენ ცხინვალში.

მათივე თქმით, 1920 წლის ივნისში, „ჯერ გერმანიის, შემდეგ კი ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების მხარდაჭერით შეიარაღებულმა და აღჭურვილმა“ ქართულმა არმიამ „ოსური სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები“ ჩაიდინა, რის შედეგადაც, „სხვადასხვა შეფასებით, ოსური მოსახლეობის დანაკარგებმა მთლიანი რაოდენობის 8%-დან 25%-მდე შეადგინა“.

ცხინვალის განცხადებით, „გენოციდის ორგანიზატორებმა და აღმსრულებლებმა“ თავის დროზე პასუხი არ აგეს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „სამხრეთ ოსეთის ეროვნული შევიწროების“ პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდა. „1989-92 წლებში, საქართველო ოსური მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდის განხორციელებას კვლავ შეეცადა, 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სრული განადგურებისაგან კი მხოლოდ რუსეთის ჩარევამ იხსნა, რომელმაც საქართველოს მშვიდობის დაცვა აიძულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტმა“ მიმართვის ტექსტი 19 ივლისს დაამტკიცა. ოსმა დეპუტატებმა მიმართვაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 ივლისს საქართველო 1918-1920 წლებში „აფხაზეთის ოკუპაციასა“ და „ოსი ხალხის გენოციდში“დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button