მთავარი თემა

რუსული „შავი ფულის“ კვალი იტალიაში

Tags

სალომე სალაძე

ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ავსტრიაში ქართველი სტუდენტების ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტია. ის ავსტრიის წითელ ჯვარში მუშაობს.

ავსტრიული „იბიცას სკანდალიდან“, რომელსაც ქვეყნის მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა, ორი თვეც არ გასულა და რუსული არალეგალური ფულის კვალი ახლა უკვე იტალიაში გამოჩნდა.  საუბარია, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ევროზე, რომლითაც რუსეთმა იტალიის მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას „ჩრდილოეთის ლიგა“ (Lega Nord) და მის ხელმძღვანელს, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის (Matteo Salvini), ევროპარლამენტის არჩევნები დაუფინანსა.

აღნიშნულზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა იტალიურ პრესაში. მაშინ ჟურნალისტები სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ იტალიურ და რუსულ მხარეებს შორის ფინანსური გარიგება შედგა. რუსეთის მიერ „ჩრდილოეთის ლიგის“ დაფინანსების მიზანი ევროპარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების წარმომადგენლობის გაზრდა, ამით ლიბერალური დემოკრატიის შესუსტება და ამის ფონზე კი ნაციონალისტური ევროპის გაძლიერება უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საკმარისი ფაქტების არარსებობის გამო მატეო სალვინიმ მარტივად მოახერხა სიტუაციიდან თავის დაძვრენა და ყველაფერი უარყო.

ფარული ჩანაწერი

10 ივლისს, ბრიტანული გამოცემის, BuzzFeed News-ის რედაქტორმა, გარდიანის ყოფილმა ჟურნალისტმა ალბერტო ნარდელმა (Alberto Nardelli) აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩაწერილია ოქტომბერში, მატეო სალვინის წარმომადგენლების, მათ შორის, მასთან დაახლოებული პირის, ჯანლუკა სავოინის (Gianluca Savoini) საუბარი სამ რუს პოლიტიკოსთან. სავოინი იტალიურ-რუსული გაერთიანების ხელმძღვანელია, რომელსაც სალვინი ხშირად  ევროპელ ტრამპსაც უწოდებს.

სავოინი ჩანაწერში საუბრობს მაისის ევროპარლამენტის არჩევნებზე და რუს პოლიტიკოსებს არწმუნებს, რომ მას სურს არჩევნების შემდგომი ევროპა რუსეთთან უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ახლაა. ის საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ სალვინი თავის კოლეგებთან ერთად პირველი ადამიანია, რომელსაც სურს მთელი ევროპა შეცვალოს. მის კოლეგებად კი იგი ასახელებს „ავსტრიის თავისუფლების პარტიას“ (FPÖ), „ალტერნატივას გერმანიისთვის“ (AFD), „შვედეთის დემოკრატებს“ (Sverige Demokraterna), ორბანს უნგრეთში და მარინ ლე პენს საფრანგეთში.

საიდუმლო გარიგების თანახმად, რუსულ „როსნეფტს“ (Rosneft) 3 მილიონი ლიტრი ნავთობი პარტნიორი იტალიური კომპანია „ენისთვის“ (ENI) 1.5 მილიარდ ევროდ, საბაზრო ფასზე 65 მილიონი ევროთი ნაკლებად უნდა მიეყიდა, ხოლო აღნიშნული 65 მილიონი ევრო, სალვინის პარტიის ანგარიშზე უნდა დარიცხულიყო.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ რუს პოლიტიკოსებს ხვდებოდა სალვინის წარმომადგენელი, მაგრამ ჟურნალისტის თქმით, უახლოეს მომავალში შეძლებს მათ იდენტიფიცირებას და ასევე, საუბრის იმ სხვა მონაკვეთების გამოქვეყნებასაც, რომლებიც ფულად გარიგებას ეხება.

მილანის პოლიციამ მატეო სალვინის წინააღმდეგ საერთაშორისო კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით გამოძიება უკვე დაიწყო.  თავად სალვინიმ კი პრესასთან უარყო რუსეთიდან თანხის მიღება და განაცხადა „ადრეც ვთქვი, ახლაც ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი, არათუ ერთი რუბლი ან ევრო, ერთი ლიტრი რუსული არაყიც კი არ მიმიღია რუსეთიდანო“.

მატეო სალვინი რუსეთის დიდი მეგობარი

მატეო სალვინი, „ჩრდილოეთის ლიგის“ ხელმძღვანელი, ხშირად მიმართავს საზოგადოებას მუსოლინის სიტყვებით, ევროს მოიხსენიებს, როგორც კრიმინალურ ვალუტას, ხოლო ევროკავშირს, როგორც „გულაგს“. სალვინი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამბობდა, იმ შემთხვევაში თუ შინაგან საქმეთა მინისტრი გავხდები, ყველა აფრიკელ მიგრანტს უკან, აფრიკის სანაპიროებზე დავაბრუნებ და საჩუქრად ერთ შეკვრა თხილს და ნაყინს გავატან, ხოლო ბოშებს ქვეყნიდან გავაძევებო.

სალვინი მოსკოვში. ფოტო: FINANCIAL TIMES

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის სიმპათიები რუსეთისა და უშუალოდ მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ყველასთვის ცნობილია. ის მოსკოვის ხშირი სტუმარია და ბევრჯერ აღუნიშნავს, აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში, მილანში , რასაც ვერ ვიტყვი ევროპიის ზოგიერთ ქვეყანაზეო.

 არც ვლადიმერ პუტინს გამორჩენია სალვინის რუსეთისადმი თბილი დამოკიდებულება და როცა კი ამის საშუალება ეძლევა, ყოველთვის ცდილობს მის შექებას. ასე მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ რომში საქმიანი ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმების მხარდაჭერისთვის შეაქო სალვინი და აღნიშნა, რომ მის პარტიასა და სალვინის „ლეგა ნორდს“ ძალიან კარგი ურთიერთობა, ბევრი საერთო შეხედულება და გეგმა აქვთ. იქვე დაამატა, თქვენს შინაგან საქმეთა მინისტრს ძალიან უყვარს რუსეთი და კარგად ერკვევა რუსეთის პოლიტიკაში, ამიტომაც ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობასო.

რას წარმოადგენს „ჩრდილოეთის ლიგა“?

 „ჩრდილოეთის ლიგა“ პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 1991 წელს დაარსდა. მისი იდეოლოგია ერთდროულად გულისხმობს პოლიტიკურ და ფისკალურ ფედერალიზმსა და რეგიონალიზმს.

პარტია ცნობილია მიგრანტებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით. მათგან ყველაზე არასასურველად აფრიკელებს და მუსლიმებს თვლიან. ამას პარტიაში იმით ხსნიან, რომ იტალიამ და ზოგადად ევროპამ, სხვა კულტურისა და რელიგიის მქონე მიგრანტების შემოდინებით შესაძლოა საკუთარი იდენტობა და ქრისტიანული ღირებულებები დაკარგოს. პარტიის ამ მიდგომიდან გამომდინარე, იტალიამ, გაეროს დიდი კრიტიკის მიუხედავად, 2018 წელს გადაწყვიტა პორტები დაეკეტა იმ სამაშველო გემებისათვის, რომელთაც ხმელთაშუა ზღვის გავლით მიგრანტები იტალიამდე გადაჰყავდათ. იტალიამ ასევე გადაწყვიტა, ჯარიმა დაეწესებინა იმ კაპიტნებისათვის, რომლებიც იტალიის პორტში მიგრანტებს შეიყვანდა. ბოლო მსგავსი შემთხვევა სულ რაღაც 1 კვირის წინ მოხდა.

საერთაშორისო დამკვირვებლები ხშირად აღნიშნავენ პარტიის წარმომადგენლების მიერ დევნილებისადმი რასისტულ დამოკიდებულებას. „ლეგა ნორდი“ და მისი ხელმძღვანელები ხშირად შეუმჩნევიათ ანტისემიტურ გამონათქვამებშიც. ისინი ამბობენ, დღეს ებრაელები ჯორჯ სოროსის ხელმძღვანელობით აკონტროლებენ მსოფლიოს, იმასაც ამბობენ, რომ მათ ხელოვნურად გამოიწვიეს მიგრაციის კრიზისი, რათა ევროპელი, ქრისტიანი მოსახლეობა აფრიკელებითა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებით ჩაანაცვლონ.

“ლეგა ნორდის” საგარეო პოლიტიკის კურსი პრორუსულია და ისინი ბოლო ხანებში აქტიურად მოითხოვდნენ რუსეთისათვის უკრაინის კრიზისის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას.

ევროპარლამენტში ბოლო არჩევნების შედეგად “ლეგა ნორდმა” იტალიისთვის გამოყოფილი  73 ადგილიდან 28-ის დაკავება მოახერხა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მატეო სალვინი დღეს იტალიურ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა და ევროპის მემარჯვენე პოპულისტების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია .  

რუსეთის კავშირი მემარჯვენე პოპულისტებთან

საკმაო ხანია არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ევროპაში დამკვიდრებული მემარჯვენე პოპულისტური პარტიებისა და მოძრაობების ხელის შეწყობას, მათ შორის ფინანსურადაც.

ამის თვალსაჩინო ფაქტი სულ რამდენიმე თვის წინ ავსტრიაში გამოქვეყნებული ფარული ვიდეოა, რომელშიც რუსული არალეგალური ფულით ავსტრიული მემარჯვენე პოპულისტური პარტიის დაფინანსებაზეა საუბარი. აღნიშნულ ვიდეოს დიდი სკანდალი – კანცლერის, ვიცე-კანცლერის და შემდგომ უკვე მთელი მთავრობის გადადგომა – მოჰყვა, რის შედეგადაც გამოწვეული პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა ჯერ კიდევ არ გამოსულა.

ფრანგმა მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიისთვის ფრანგული ბანკებიდან დაფინანსებაზე უარი მიიღო. ევროპული ბანკისგან განსხვავებით, მას ბევრად უფრო მარტივად ენდო რუსული კერძო ბანკი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატს 9 მილიონი ევრო გამოუყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბანკო ტრანზაქციამდე რამდენიმე დღით ადრე მარინ ლე პენი მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ალბათ მარტივი მასხვედრია, თუ რატომ არ დადგა მისი საანდოობის საკითხი რუსული ბანკებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ.

გერმანული მემარჯვენე  პოპულისტური პარტიის ხელმძღვანელი, ალექსანდერ გაულანდიც ხშირად სტუმრობს კრემლს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას გაულანდმა  ანექსირებული ყირიმიც მოინახულა და ჟურნალისტებს განუცხადა, ყირიმი რუსეთის მიწაა და რუსეთმა თავისი ყველა მიწა უნდა დაიბრუნოსო.

ოფიციალურ მოსკოვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს უნგრელ მემარჯვენე პოპულისტებთანაც, მათ შორის ვიქტორ ორბანთან და უნგრული პროექტების რუსული ფულით დაფინანსებასაც არ მალავს.

მემარჯვენე პოპულისტური ძალები რუსეთთან ოფიციალური ხელშეკრულებების გაფორმებასაც არ უფრთხიან, ასე მაგალითად, 2017 წელს სალვინის „ჩრდილოეთის ლიგამ“, კრისტიან-შტრახეს „თავისუფლების პარტიამ“ და პუტინის „ერთიანმა რუსეთმა“ მემორანდუმი გააფორმეს ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით. მაშინ მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მათი მიზანი იყო იტალიაში არჩევნები ისეთივე ღია გამხდარიყო, როგორც ეს რუსეთშია.

მკვლევრები გვაფრთხილებენ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი დასავლეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ავტორიტარულ ქვეყანად ჩამოყალიბდა, რომელიც ყველანაირი ფორმით ცდილობს მსოფლიოში თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გაძლიერებას.

პოლიტიკის მეცნიერთა აზრით, მთელ ამ პროცესებში რუსეთის მთავარი მიზანია ევროკავშირის, როგორც ერთიანი ორგანიზაციის დასუსტება. ის ამ მიზანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სხვადასხვა პოლიტიკური კურსის წარმოქმნით ცდილობს, რამაც საბოლოოდ გაერთიანების დაშლა უნდა გამოიწვიოს.  

მიზნის მისაღწევად  რუსეთი ასევე არ იშურებს ფინანსურ რესურსებს რიგი პარტიებისა თუ მოძრაობების დასაფინანსებლად. ამ რესურსების გარდა, რუსეთი აქტიურად ზემოქმედებს როგორც ბეჭდურ, ასევე სოციალურ მედიაზეც. გარდა ამისა, ამ პროცესებში აქტიურად რთავენ ე.წ ინტერნეტ-ტროლებსა და ბოტებსაც, რომელთა მთავარი მიზანიც ევროგაერთიანებაში და ასევე ცალკეულ სახელმწიფოებში დესტაბილიზაციის შექმნაა.

Related Articles

Back to top button