skip to content
მთავარი თემა

ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების სახეცვლილება და წინსვლა

მიხაკისფერი განთიადი?

რა ხდება?

2024 წლის 6-9 ივნისს ევროპელები ეროვნულ დონეზე აირჩევენ წარმომადგენლებს, რომელთა უმრავლესობაც შემდგომ ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფებში გადანაწილდება და ხუთი წლის განმავლობაში კავშირის პოლიტიკურ ამინდს შექმნის.


გიორგი ქელბაქიანი “ევროპის მოამბის” ანალიტიკოსია


ტრადიციულად, ევროპარლამენტი მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) კონკურენციითა და თანაცხოვრებით საზრდოობდა. თუმცა ზომიერება ევროპულ დედაქალაქებში ჩანს, მოდიდან გადავიდა. გამოცემა POLITICO-ს წინასაარჩევნო ანალიზი იუწყება, რომ როგორც წევრ ქვეყნებში, ისე საერთო-ევროპული მასშტაბით მემარჯვენე და ევროსკეპტიკოსი ძალები ძლიერდებიან. 

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • ევროკავშირი სახელმწიფოების გაერთიანებაა და მთავრობების წარმომადგენლების გადაწყვეტილებებით იმართება. ამდენად, ევროპარლამენტი არ არის კლასიკური გაგებით სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო, თუმცაღა მისი როლი სულ უფრო იზრდება. მას უკვე ანგარიშგასაწევი ძალა აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცება, საკანონმდებლო აქტების მიღება და ევროკომისიის არჩევა;
  • მემარჯვენეების წარმატების შემთხვევაში, დამკვირვებლები შიშობენ, რომ ევროკავშირის პოლიტიკის საკვანძო ელემენტები დასუსტდება. მაგალითად, თუკი მემარჯვენე-ცენტრისტული EPP 2024-ში აღზევებულ ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტების ჯგუფს (ECR) შეეკვრება, რაც რეალისტური სცენარია, დიდი ალბათობით შეფერხდება მწვანე პოლიტიკა. ცხადია, არცთუ ტოლერანტი მემარჯვენეების გაძლიერება კიდევ უფრო გაამკაცრებს ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასაც;
  • ევროპარლამენტის არჩევნებს გავლენა ექნება აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკაზეც. მართალია, სახელმწიფოთათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭო წყვეტს, თუმცა, ასპირანტი სახელმწიფოებისადმი დეპუტატების პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას რომ თავი დავანებოთ, გაწევრება გამორიცხულია ევროპარლამენტის თანხმობის გარეშე;
  • და ბოლოს, ევროპარლამენტის არჩევნები მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტშიც. არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს უკრაინისადმი ევროკავშირის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე. 

ულტრა-მემარჯვენეების აღმასვლა ევროპაში

ევროპაში ძველმა, ცენტრისტულმა პარტიებმა ვერ მოახერხეს დროის მდინარებასთან შეგუება. სოციალისტებისაგან ახალი ასაკობრივი ჯგუფების მხარდაჭერის ჩირაღდანი ბევრგან მწვანეებმა გადაიბარეს. აი მემარჯვენე ცენტრის ტრადიციული საამომრჩევლო ბაზის მოშლას კი ლიბერალი ცენტრისტების თანაზომიერი გაძლიერება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ ძალა მოიცეს ულტრამემარჯვენეებმა, რომლებიც 1980-იანი წლებიდან ნელი, თუმცა მზარდი აღმავლობის გზას ადგანან.

ისტორიული ძალთა ბალანსი ევროპარლამენტში. წყარო: ევროპარლამენტი.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, წამყვანი ევროპული პარტიები მემარჯვენე-რადიკალურ ძალებთან თანამშრომლობას დაუშვებლად მიიჩნევდნენ – მოქმედებდა ე.წ. სანიტარული კორდონის (Cordon Sanitaire) მიდგომა, ანუ მათ კეთროვანებივით ერიდებოდნენ. ნაციზმის აღმავლობისა და დამარცხების შემდეგ ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკა დღეისათვის მოშლილია.

მემარჯვენე რადიკალებმა მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში მყარად მოიკიდეს ფეხი. მათ მოახერხეს სოციალური საყრდენის გაფართოება – ბევრი ლუმპენ-პროლეტარი, რომლებც ტრადიციულად მემარცხენე რადიკალებს ან კომუნისტებს უჭერდა მხარს, წარმატებით შეერწყა მემარჯვენე რადიკალებს. ანტი-იმიგრაციულმა განწყობებმა ტაბუ მოხსნა საჯარო სივრცეში თითქმის ღიად რასისტულ (ანტი-არაბულ, ანტი-აფრიკულ და ა.შ.) დისკურსზეც. ბევრი მოქალაქე, ვინც ადრე ამგვარად მოსაუბრე პოლიტიკოსებს საზოგადოებრივი გაკიცხვის გამო არასოდეს მისცემდა ხმას, ახლა უფრო თამამად ავლენს თავის პოზიციას.

გაიაზრეს რა მარჯვენა ფლანგიდან მომდინარე საფრთხე, მემარჯვენე ცენტრისტები რადიკალებთან პოლიტიკურ შეეჯიბრში ჩაერთვნენ. ამგვარი მიდგომის ერთ-ერთი პიონერი საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი იყო. თუმცა მარჯვნივ გადახრამ მემარჯვენე ცენტრი ვერ გადაარჩინა, პირიქით.  

აშკარაა, რომ მემარჯვენეები ულტრამემარჯვენეების ხმებს ვერ ითვისებენ. სამაგიეროდ, რადიკალიზებული დისკურსი მათ ტრადიციულ მხარდამჭერებს აკარგვინებს და კიდევ უფრო ასუსტებს. შედეგად, არჩევნებში წარმატებას რომც მიაღწიონ, როგორც ეს ახლახან ესპანეთში მოხდა, მემარჯვენე ცენტრისტები ვეღარ ახერხებენ “ნაღდი” რადიკალებისგან დამოუკიდებლად მთავრობების დაკომპლექტებას.

იქმნება ვითარება, როცა მართალია რადიკალური ძალები ვერ იღებენ ამომრჩევლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მხარდაჭერას, თუმცა მემარჯვენეებისა და მემარცხენეების უკიდურესად პოლარიზებული ურთიერთობების პირობებში, მემარჯვენე ცენტრისტებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა ულტრამემარჯვენეებთან გარიგებისა. ეს ყოველივე კი რადიკალურ ძალებს ხშირად მთავრობის ფორმირების გასაღებს აძლევს და გზას უხსნის მინისტრების პორტფელებისკენ.

მსგავსი სცენარით ვითარდება მოვლენები ახლა პოლონეთში. ჩანს, რომ ამა წლის ოქტომბრის არჩევნებში ვერც მმართველი, გვარიანად მემარჯვენე კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) და ვერც ცენტრისტული სამოქალაქო პლატფორმა (PO) ვერ შეძლებენ საკმარისი ხმების მიღებას და შესაბამისად, მათგან უფრო წარმატებულს, დიდი ალბათობით, რადიკალებთან – პარტია “კონფედერაციასთან” – მოუწევს თანამშრომლობა.

შიშს დიდი თვალები აქვს?

ულტრამემარჯვენეების გაძლიერება ერთი მხრივ მიმდინარე პროცესი, ხოლო მეორე მხრივ კი უკვე არსებული რეალობაა.

  • სოციოლოგიური კვლევებით, საფრანგეთში, ევროსკეპტიკოსი და ულტრა-ნაციონალისტი მარინე ლე პენი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოიგებდა.
  • პოლონეთსა და უნგრეთს უკვე ულტრაკონსერვატიული მთავრობები მართავენ, ხოლო მიგრანტთმოძულე “შვედეთის დემოკრატები” პარლამენტში სიდიდით მეორე ძალა არიან.
  • ულტრამემარჯვენეებმა მმართველი მემარცხენე პარტია რეგიონულ არჩევნებში დაამარცხეს ესპანეთში, ხოლო საბერძნეთში საკანონმდებლო ორგანოში ადგილები გაინაღდეს.
  • ფინეთში ნაციონალისტები კოალიციური მთავრობის წევრები არიან,
  • გერმანიაში რადიკალურად განწყობილი ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD) თითქმის უკვე კანცლერ შოლცის სოციალ დემოკრატებს სჯობნის და ეროვნული მასშტაბით მეორე პარტია ხდება.
  • კიდევ უფრო წინ არიან წასული იტალიელი ულტრამემარჯვენეები, რომლებიც პრემიერ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით მართავენ სახელმწიფოს.

თუმცაღა წარმატებების მიუხედავად, რეალობა ულტრამემარჯვენეების სისუსტესაც უსვამს ხაზს.

  • ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი მმართველობაში გაურევლობა და ამ თვალსაზრისით კორუფციისაგან შედარებითი “სისუფთავეა.” თუმცა არჩევის შემდეგ, ისინი ხშირად ეხვევიან სკანდალებში და კარგავენ გავლენას, როგორც ეს ავსტრიის თავისუფლების პარტიას დაემართა.
  • პოლიტიკური ბრძოლისა და მმართველობის გამოცდილების ნაკლებობა პირველი წარმატების შემდეგ პარტიის გაძლიერებას ხელს უშლის – ეს დაემართა მარინე ლე პენის პარტიას, “ეროვნულ ერთობას” (ადრე “ნაციონალურ ფრონტს”) რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში წარმატებები ჯერ ვერ აქცია ეროვნულ დონეზე უპირატესობად, ხოლო პარლამენტში გაყვანილი დეპუტატები ეფექტურად ვერ ასრულებენ თავის ფუნქციებს, გამოცდილების ნაკლებობის გამო.

იტალიის გაკვეთილი

იტალიის დღევანდელი მთავრობა კარგი მაგალითია იმისა, რომ წარმატების შესანარჩუნებლად ულტრამემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “განორმალურებას” ცდილობენ, რათა პოლიტიკურ სპექტრთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია შეძლონ.

ერთ დროს მტკიცედ ევროსკეპტიკოსი და რუსეთისადმი საეჭვოდ არამკაცრად განწყობილი ჯორჯია მელონი დღეს ბრიუსელთანაც ურთიერთობს და უკრაინასაც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილს რჩება განცდა, რომ მემარჯვენეები, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნავარაუდევზე ნაკლებად ხისტად იქცევიან.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროპაში მომუშავე მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები არც იდეოლოგიურად და არც სოციალური დასაყრდენით იდენტური არ არიან. ევროპულ დონეზე მათ შორის სერიოზული განსხვავებები არსებობს და რომც თანამშრომლობდნენ, ისინი რიგ პრინციპულ საკითხთან მიმართებით რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ ხოლმე ეროვნულ დონეზე. 

სად ერთდებიან ულტრამემარჯვენენი მთელი ევროპისა

ახლანდელი მოწვევის ევროპარლამენტში შვიდი პოლიტიკური ჯგუფია. ტრადიციულად წამყვანი ევროპის სახალხო პარტია მემარჯვენეთა გაერთიანებაა. თუმცა სპექტრის კიდევ უფრო მარჯვენა ფლანგზე არიან ევროპელი “კონსერვატორები და რეფორმისტები” (ECR) და პოლიტიკური გაერთიანება “იდენტობა და დემოკრატია” (ID). 2019 წლის არჩევნების შედეგად, ECR-ს 705 წევრიან (ბრექსიტის შემდეგ) ევროპარლამენტში 66, ხოლო ID-ს 62 წარმომადგენელი ჰყავს. სწორედ ამ ორ ჯგუფში გადანაწილდებიან 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე კანდიდატები. მომავალ წელს ევროპარლამენტი 720 წევრიანი გახდება.

დასაწყისში უკვე ხსენებული POLITICO-ს კვლევით, დღეს რომ ევროპარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს, ECR-ს 81, ხოლო ID-ს 71 წარმომადგენელი ეყოლებოდა. ამ მაჩვენებლებს ECR  ჯორჯია მელონის “იტალიის ძმებს,” ხოლო ID გერმანელ რადიკალებს, AfD-ს უნდა უმადლოდეს. უნდა ითქვას, რომ ამ ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობები დაძაბულია. “იტალიის ძმები” მკვეთრად პრორუსულ AfD-ს ვერ ინელებენ და ვერც მაინცდამაინც ვიქტორ ორბანთანა აქვთ ძმური ურთიერთგაგება. სწორედ ამიტომ, EPP-დან გაგდებული ორბანის “ფიდესმა” ჯერ პოლიტიკური სახლი ECR-ში ვერ იპოვა.

მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფი, კვლევის მიხედვით, ყველაზე სერიოზულად დაზარალდება და დღეს რომ არჩევნები იყოს, 43 დეპუტატს გაიყვანდა. ეს გერმანელი მწვანეების, ევროპაში წამყვანი მემარჯვენე პარტიის, თავისი ქვეყნის კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობის საფასურია.

ამ შედეგების შემყურე ევროპის სახალხო პარტიას ორჭოფული პოზიცია აქვს. შესაძლოა, მან ტრადიციულ პოლიტიკას გადაუხვიოს და ევროპარლამენტის მართვაში ულტრამემარჯვენეები დაიხმაროს. ან არადა, გაუცხოების მზარდი ბარიერი უნდა დაძლიოს და სოციალ-დემოკრატებთან შეამხანაგდეს.

ანალიზი: რას უნდა ველოდეთ?

მოცემული მომენტისათვის არაა ცხადი, ითანამშრომლებენ თუ არა მემარჯვენე ცენტრისტები ულტრამემარჯვენეებთან, ან საერთოდ, დადგება თუ არა ამგვარი კოლაბორაციის საჭიროება. ივნისამდე დიდი დროა.

როგორც ესპანეთისა და კერძოდ რადიკალური VOX-ის მაგალითზე ვიხილეთ, ხშირად შიშები ულტრაკონსერვატორების შესაძლებლობებთან დაკავშირებით გადაჭარბებულია და შესაძლოა, მემარჯვენეებს ულტრამემარჯვენეებმაც ვერ უშველონ. 

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ევროპული არჩევნების სპეციფიკა განსხვავდება ეროვნული არჩევნებისაგან. პატარა პარტიების ამომრჩევლები ევროპულ არჩევნებზე ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე დომინანტური ნაციონალური პარტიების მომხრეები და თუ გავითვალისწინებთ ულტრამემარჯვენეების შემართებას, შესაძლოა მათმა შედეგებმა ევროპარლამენტის არჩევნებში მოლოდინებსაც გადააჭარბოს. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, მწვანეებზეც.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერჯერობით ცხადი არაფერია, გარდა ერთისა – საიმიგრაციო მდგომარეობის თუ გაუარესებული ეკონომიკური პირობების გამო ევროპაში მომრავლდნენ ულტრამემარჯვენე მიდრეკილებების ამომრჩევლები და გამარჯვებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იძულებულია, გაითვალისწინოს მათი აზრი და განწყობა. 

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში პოზიციებს მემარჯვენეები გაიმყარებენ. ასეთ ვითარებაში, შესაძლოა მოვლენები ორგვარად განვითარდეს.

მემარჯვენე-ცენტრისტებისა და მელონის თაოსნობით მომძლავრებული ECR-ის თანამშრომლობის სცენარი სავსებით რეალისტურია და შესაბამისად, მომავალ წელს შესაძლოა ევროპის სახალხო პარტია სწორედ ECR-თან დაძმობილდეს. ეს გამარჯვება იქნება ულტრამემარჯვენეებისთვის, მაგრამ მარცხი მათი პრო-რუსული ფრაქციისათვის, თუკი ორბანმა ECR-თან შეკედლება ვერ მოახერხა.

მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ულტრამემარჯვენე პარტიები პირდაპირ გარიგებაში არ ან ვერ შევლენ მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალებთან, მათი დღის წესრიგის ნაწილი მაინც აისახება ევროპულ პოლიტიკაზე იმიტომ, რომ ევროპელი მემარჯვენეები აღარ არიან ცენტრისტული იდეების ერთგული და მსუყე ელექტორატის მოზიდვა-შენარჩუნების ხათრით კიდევ უფრო მეტად იხრებიან სპექტრის მარჯვენა პოლუსისაკენ.

მსგავსი/Related

Back to top button