ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 6 ივლისი

ნატო-ს დღეგრძელი თავიკაცი

ალიანსის წევრი ქვეყნები ნატო-ს სასურველ გენერალური მდივანზე ვერ შეჯერდნენ და გადაწყვიტეს იენს სტოლტენბერგს კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე გაურგრძელონ უფლებამოსილება. ნორვეგიის ყოფილი პრემიერი, გამოზომილი სტოლტენბერგი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს 2014 წლიდან უდგას სათავეში და უკვე მეოთხედ გადაუვადეს თანამდებობასთან გამომშვიდობება. არადა სამშობლოში ეროვნული ბანკის თავკაცის პოსტი ელოდა. ალიანსს ლიდერობის რამდენიმე კარგი კანდიდატი ჰყავდა შეთვალიერებული – დანიის პრემიერი, ქალბატონი მეტე ფრედერიკსენი ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა, ჩანს, თურქეთთან ამ საკითზე ჭიდაობას აშშ პრეზიდენტი მოერიდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი, ბენ უოლესი იმად დაიწუნეს, მთავრობის მეთაური არააო, რის გამოც მეფის ქვეშევრდომები ატლანტიკის გაღმელ ბიძაშვილებზე განაწყენდნენ კიდეც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქედმაღალი ბრიტანეთიდან ნატო-ს თავკაცის ხილვა ბერლინსა და პარიზშიც არ სურდათ. მოკლედ, გადაწყდა – სტოლტენბერგი რჩება.


ესპანეთი საჭესთან

პირველი ივლისიდან ესპანეთმა შვედეთისგან ევროკავშირის თავმჯდომარეობა ნახევარი წლით გადაიბარა. მადრიდი უკვე მეხუთედაა საჭესთან – 1989, 1995, 2002 და 2010 წლებში ესპანეთი უკვე თავმჯდომარეობდა ევროკავშირს. წლეულს, თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად მადრიდმა ევროკავშირის რეინდუსტრიალიზაცია, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა, ევროპული ერთობის გაძლიერება და სოციალური ერთობის გამყარება გამოაცხადა. ბუნებრივია, ამ პრიორიტეტებზე უკრაინაში მძვინვარე ომი გავლენას ახდენს, ამიტომ თავმდჯდომარეობის პირველ დღეს, ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი სწორედ კიივს სტუმრობდა, სადაც ზელენსკი ევროკავშირის დახმარებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ურყევობაში დაარწმუნა. ესპანეთი თურმე ევროკავშირის ყველაზე სტუმრიან ქვეყანად ითვლება, თავად ესპანელები კი, ევროკავშირის ხალხებს შორის ყველაზე დღეგრძელნი არიან. ესპანეთი ფორთოხლის, საზამთროსა და მარწყვის ნომერი პირველი მწარმოებელიცაა მთელს ევროპაში.


ვარშავა მინსკის ხუშტურებს აჰყვა

ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული ქობინების განთავსებამ, მეზობელი პოლონეთი ისე შეაშფოთა, რომ მისი პრემიერი, მატეუშ მორავეცკი ნატო-ს ბირთვული გაცვლის პროგრამაში მონაწილეობაზე ალაპარაკდა. შესაბამისი თხოვნით, მორავეცკიმ ნატო-ს ღიად მიმართა და ისიც დაამატა – ვიცით, რომ ბირთვულ ამბავში აშშ-ს ეთქმის მთავარი სიტყვა და სწორედ მის გამოხმაურებას დაველოდებითო. ბირთვული გაცვლის პროგრამა ალიანსის ბირთული შეკავების პოლიტიკის ნაწილია და ის ბირთვული ქობინების ნატო-ს იმ წევრ სახელმწიფოებში განთავსებას ითვალისწინებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ბირთვული იარაღი. 2009 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებულია ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში. გასაგებია, რომ უკრაინასთან ომით ღონემიხდილი რუსეთის შემყურე პოლონეთს მადა ჭამაში გაეხსნა და “ბირთვულობა” მოუნდა, მაგრამ არც ლუკაშენკას და პუტინს აყოლა იქნება ვარშავისთვის გონივრული. პოლონეთს საკმაოდ დიდი და თანამედროვედ შეიარაღებული არმია ჰყავს, რომელსაც ბირთვული იარაღის გარეშეც საკმაოდ ეფექტიანად შეუძლია დაიცვას თავი, როგორც ლუკაშენკას ბელარუსისგან, ისე პუტინის რუსეთისგან. ამიტომ, ვაშინგტონი, ლონდონი და პარიზი ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან ვარშავის ამ ბირთვულ ინიციატივას.


ძალადობის წინააღმდეგ მღელვარე სერბეთი

პირველ ივლისს, ასობით ათასი სერბი უკვე მეცხრედ გამოვიდა ძალადობის საწინააღმდეგო მასობრივ დემონსტრაციაზე. სახალხო პროტესტმა ამჯერად 15 სერბული ქალაქი მოიცვა. შეგახსენებთ, რომ გამოსვლების მიზეზად ორი ტრაგიკული ინციდენტი შეიქნა: ჯერ 15 წლის მოზარდმა ბელგრადში, სკოლაში იარაღით თავისი თანასკოლელები დახოცა, მერე კი, პატარა ქალაქში ახალგაზრდა კაცმა – თანასოფლელები. ბევრი სერბი ამ ამბავს მმართველი პარტიის მიერ ძალადობისკენ მოწოდებებს აბრალებს – მათ შორის მედიის საშუალებითაც – და პასუხისმგებელი პირების გადადგომას ითხოვს. ბელგრადში დემონსტრანტებმა ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს თურმე ტელევიზია “პინკს” რომლის პატრონიც მთავრობის კმაყოფაზე მყოფი გაქსუებული, მედია-ოლიგარქია. ხალხი ამ ტელევიზიის რეალითი-შოუ “საძმოს” გაუქმებას ითხოვს, საიდანაც თურმე ხშირად ისმის ამა თუ იმ ჯგუფებისა თუ პირებზე ანგარიშსწორების მოწოდება. სწორედ “პინკზე” გასული ვიდეოკლიპის შემდეგ მოუკლავთ ოლივერ ივანოვიჩი, კოსოველი სერბების სამოქალაქო ინიციატივის ლიდერი. ხალხი ძალადობის წახალისებაში შემჩნეული უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას და ტელევიზიაში ძალადობის პროპაგანდის აკრძალვას, ასევე მმართველი პარტიის ჯიბეში ჩასმული ტელე-მარეგულირებელი სააგენტოს დაშლას მოითხოვს.


პომპეის პიცა

ურიგო არ იქნება ზოგჯერ დიდ პოლიტიკას მოვწყდეთ და ევროპული კულტურითაც შევიქციოთ ხოლმე თავი. აქამდე ითვლებოდა, რომ პიცა მაშინ გაჩნდა, როცა 1880-იან წლებში იტალიელმა მზარეულმა რაფაელე ესპოზიტომ გამომცხვარი მრგვალი, ბტყელი პური პომიდვრის სოუსითა და მოცარელას ყველით მორთო და დედოფალ მარგარიტა სავოიელს მიართვა. თუმცა, პიცას წარმომავლობის ეს ისტორია თავდაყირა დააყენა ნეაპოლის სიახლოვეს, ძველ რომაულ ქალაქ პოპმპეის მიგნებამ. პომპეის არქეოლოგიური გათხრებისას, იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს 2000-სზე მეტი წლის წინანდელი კედლის ფერწერა, რომელზეც გამოსახულია ბრტყელი პური, სხვადასხვა ხილით, ყველითა და ღვინის თასით. საკვების ისტორიკოსები თვლიან, რომ ფრესკაზე ასახული ბრტყელი პური დაფარულია სანელებლებითა და უფრო პესტოს სოუსით. მიუხედავად იმისა, რომ კედელზე მოხატულ შეჭამანდ

მსგავსი/Related

Back to top button