ევროპამათი თვალით

დაუნინგ სტრიტს ბრიტანელი ტრამპი უახლოვდება

Tags

საბა ბრაჭველი, ლონდონიდან

თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც აცრემლებულმა ტერეზა მეიმ (Theresa May) გადადგომის შესახებ განაცხადა. მეი პრემიერის ფუნქციის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ კონსერვატორთა პარტია მის შემცვლელს აირჩევს. თავდაპირველი 10 კანდიდატიდან პრემიერობისათვის ბრძოლას ორი პრეტენდენტი – ბორის ჯონსონი (Boris Johnson) და ჯერემი ჰანტი (Jeremy Hunt) შემორჩა.

ვინ ირჩევს ბრიტანეთის პრემიერს?

საპარლამენტო მმართველობის ქვეყანათა უმრავლესობის, მათ შორის, საქართველოს მსგავსად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერს მოსახლეობა პირდაპირ არ ირჩევს. მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის წევრებს, პრემიერის კანდიდატზე კი პარლამენტის მმართველი უმრავლესობა შეჯერდება, რომელსაც ცერემონიულად დედოფალი ამტკიცებს.

ბოლო 100 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრთა ნახევარზე მეტმა თანამდებობა არა საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების, არამედ შიდაპარტიული დაპირისპირების გზით მოიპოვა. შესაბამისად, საინტერესოა, რეალურად ვინ და როგორ ირჩევს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს?

მმართველობის კულტურის მხრივ საქართველოსაგან განსხვავება იმაში შეიძლება დავინახოთ, რომ მმართველი პარტიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტიის წევრებს. ოფიციალურ წევრთა პოზიცია, პარტიის მიმართულების, ლიდერების არჩევისა და სხვა საკვანძო პრობლემების გადაწყვეტისას, ჩვეულებრივ, გადამწყვეტია.

ამრიგად, შემდეგ პრემიერ მინისტრს მოსახლეობის მხოლოდ 0.2% – კონსერვატორთა პარტიის 160 000 ოფიციალური წევრი აირჩევს. ამ დემოგრაფიული ჯგუფის 70% მამაკაცია, 97% – თეთრკანიანი, 86% – მაღალი სოციალური კლასის წარმოადგენელი, მათი საშუალო ასაკი კი 57 წელია. თუმცა, სანამ კონსერვატორთა „სიბერე“ თვალს მოგჭრიდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ მხრივ, სხვა პარტიებსაც არ უდგათ ნაკლები დღე –  შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრთა საშუალო ასაკი (SNP) 54 წელია, ლეიბორისტებისა – 53 და ლიბერალ-დემოკრატების – 52.

ლოგიკურიცაა, რომ პრემიერობისთვის ბრძოლისას პრეტენდენტები სწორედ ამ დემოგრაფიული ჯგუფისათვის ცდილობდნენ თავის მოწონებას. შესაძლოა, სამწუხაროდაც კი ჟღერდეს, მაგრამ პოლიტიკას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც არჩევნებზე დადიან.  დამსახურებულ „ჯილდოდ“ კი იღებენ პარტიის პრიორიტეტების სწორედ მათ ინტერესებზე სწორებას, რაც ზოგადად მოსახლეობის ინტერესებს შეიძლება საერთოდაც არ ემთხვეოდეს.

ჯონსონი ჰანტის წინააღმდეგ

მაღალი თანამდებობისათვის ბრძოლას წარსულის გამომზეურებაც თან ახლავს ხოლმე. ძველი ცოდვები გაუხსენეს ანდრეა ლიდსომსა (Andrea Leadsom) და მაიკლ გოვს (Michael Gove), ჯერემი ჰანტს თეთრსაყელოიანი დანაშაული და წმინდა წყლის ტყუილი ამოუქექეს, ბორის ჯონსონს კი – რასისტული გამონათქვამები და არასახარბიელო რეკომენდაცია გაახსენეს.

„ცოდვილთა“ შორის ყველაზე „ცოდვილი“ ბორის ჯონსონია, რომლის „ცოდვათა“ ვრცელი სიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გარდა, ლონდონის ყოფილ მერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ბურქას მატარებელი ქალები „ბანკის მძარცველებად“ მოუხსენიებია, გეი ქორწინება პოლიგამიასა და ძაღლთან ქორწინებასთან შეუდარებია, ხოლო ქალები „ემოციური, მობუტბუტე ქერები“ ჰგონია, რომლებიც უნივერსიტეტებში „დასაქორწინებელი კაცების საპოვნად მიდიან“. ეს ყველაფერი, ხუმრობით, ცხადია, აბა როგორ!

მიუხედავად ბრალდებების გრძელი სიისა, ბრიტანეთის შემდეგი პრემიერი სწორედ ბორის ჯონსონი გახდება. მის კანდიდატურას მხარს უჭერს თაიმსი, ტელეგრაფი და სხვა გავლენიანი გამოცემები. იგი თანაბარი მოწონებით სარგებლობს როგორც კონსერვატორ ამომრჩეველთა, ისე – კონსერვატორ პარლამენტართა შორის. ამ დროისთვის „მისტერ ბრექსიტი“ ჰანტს 40%-იანი უპირატესობით უსწრებს.

ორი კანდიდატის პროგრამები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. მათი დაპირებები ათობით მილიარდი ფუნტის საგადასახადო შეღავათებსა და „ბრექსიტის განხორციელებას“ (delivering Brexit) შეეხებოდა. თუმცა ბორისმა გაცილებით უკეთ აუღო ალღო თანამედროვე პოლიტიკას და ბოლომდე შეითავსა „ბრიტანელი ტრამპის“ იმიჯი. მან პირდაპირ გადმოიღო ტრამპის სტილი, რაც BBC-ის დებატებსა და მის საჯარო გამოსვლებშიც აისახა – ჯონსონი ხშირად აწყვეტინებს ხოლმე სიტყვას ოპონენტებს, იშვიათად სცემს პირდაპირ პასუხებს კითხვებზე და რაც მთავარია, იგი ამას ისე აკეთებს, ვერც ჟურნალისტები და ვერც მეტოქეები მაინცდამაინც მას ვერაფერს უხერხებენ.

ტრამპისა და ჯონსონის კავშირი პოლიტიკური სიმპათიებით არ შემოიფარგლება. ხანგრძლივი უარყოფის მიუხედავად, გაირკვა, რომ ჯონსონს კარგა ხანია ეხმარება სტივ ბენონი (Steve Bannon), რომელიც ბრაიტბარტის (Breitbart) მთავარი რედაქტორი, ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ქემბრიჯ ანალიტიკას (Cambridge Analytica) ბორდის წევრი იყო.

ბრექსიტი: ისევ მთავარი, ისევ გადამწყვეტი

ბრექსიტის გადავადებული ბოლო ვადა 31 ოქტომბერს იწურება. ახალმა პრემიერმა ან უარი უნდა თქვას ბრექსიტზე (რაც წარმოუდგენელი ჩანს), ან ახალი შეთანხმება მოახერხოს (რაც ასევე გამორიცხულია), ან შეთანხმების გარეშე დატოვოს ევროკავშირი. ამომრჩეველთა უმეტესობა და კონსერვატორ დეპუტატთა ნაწილი შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას (ე.წ. No-deal სცენარს) ეწინააღმდეგება, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მთავარი ახლა კონსერვატორთა ამომრჩევლისთვის თავის მოწონებაა.

კონსერვატორთა ამომრჩევლის ძირითადი ბაზისთვის კი ბრექსიტი მთავარ, სასიცოცხლო საკითხად რჩება. როგორც გამოკითხვები აჩვენებს, კონსერვატორები მაშინაც არ დაიხევდნენ ბრექსიტზე უკან, თუ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, გაერთიანებულ სამეფოს დატოვებდნენ შოტლანდია ან ჩრდილოეთ ირლანდია და თუნდაც მთელი პარტია დაიშლებოდა.

მიმდინარე წელიწადმა ევროკავშირის ბრიტანეთთან შედარებით ფარდობითი სიძლიერე წარმოაჩინა. ბრიტანეთს თანდათან ტოვებენ ევროპული ფირმები. ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ ევროკავშირმა სავაჭრო ხელშეკრულებები კანადასთან, იაპონიასთან და მექსიკასთან გააფორმა, წინა კვირაში კი მათ რიცხვს არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაიც დაემატა. გაერთიანებული სამეფო არათუ ეკონომიკურად, ლოჯისტიკურადაც ვერ იქნება მზად 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან გასვლისთვის, არადა სწორედ ეს გზა ჩანს ყველაზე რეალისტური.

არც მომავალ პრემიერს და არც მის პრეტენდენტებს, ჯერ არ გაუციათ პასუხი ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის პრობლემასთან დაკავშირებით, რაც უხელშეკრულებოდ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, უბრალოდ გადაუჭრელი დილემაა.

თუმცა, ირლანდიას ვინ ჩივის, ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი დაპირება – სარეწაო უფლებების დაცვა და თევზჭერის ინდუსტრიის განვითარება – მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. მთავრობამ გასულ თვეშიღა „აღმოაჩინა“, რომ უელსის სარეწაო კვოტების 88% ესპანურ კომპანიებს ეკუთვნის, ინგლისის სარეწაო კვოტების ნახევარი კი – ჰოლანდიურ, ისლანდიურ და ესპანურ კომპანიებს. თუ ბრექსიტის შედეგად ამ კვოტების გამოსყიდვა (Bail-out) გახდა საჭირო, თევზჭერა დიდი ხნით წამგებიან ინდუსტრიად გადაიქცევა.

ისევ გაურკვეველი მომავლის პირისპირ

უკვე მეოთხე წელია, გაურკვევლობა ბრიტანულ პოლიტიკას ისე განუყრელად სდევს თან, როგორც ნისლი – ბრიტანულ ყოველდღიურობას. არავინ იცის, როგორ დასრულდება ბრექსიტის პროცესი სამიოდე თვეში (ანდა, დასრულდება კი?). ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება დანამდვილებით, რომ პრემიერობის მოწამლულ გვირგვინს ბორის ჯონსონი გადაიბარებს.

ჯონსონი ამ ეტაპზე საკუთარ პოზიციებს ღიად არ აფიქსირებს, რაც ჭკვიანურია. რატომ უნდა განაცხადო საკუთარ გეგმებზე, თუ ამით ამომრჩეველს გააღიზიანებ? ჯონსონი ჯერ მხოლოდ პრემიერობას უმიზნებს, შემდეგ ნაბიჯზე კი მოგვიანებით დაფიქრდება. სწორედ ამ გეგმამ მოუტანა პრემიერობა ჯონსონის წინამორბედს.

თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ ჯონსონის პოზიცია, პრემიერად არჩევის შემდეგ, ისეთივე სუსტი იქნება, როგორიც მეის. მას შეუტევს ყველა – ბიზნესის ისთებლიშმენთიც, ლიბერალებიც, ლეიბორისტებიც, მემარცხენეებიც, ცენტრისტებიც, დაბალი და საშუალო კლასიც. ამ ეტაპზე მიღებული მხარდაჭერის მიუხედავად, მას პარლამენტშიც უმძიმესი ბრძოლების გადატანა მოუწევს. ეყოფა კი „მისტერ ბრექსიტს“ პოლიტიკური გამჭრიახობა და მანევრირება ყველაფერთან გასამკლავებლად?

შემდეგ სერიაში ვნახავთ.

Related Articles

Back to top button