Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

ტერეზა მეის უღიმღამო დასასრული

საბა ბრაჭველი, ლონდონიდან

24 მაისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ (Theresa May) გადადგომის შესახებ განაცხადა. იგი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, მანამდე კი მისი პარტია კი შემცვლელის მოძებნას შეეცდება. ამ სტატიაში შევეცდებით, გავაანალიზოთ და შევაფასოთ მის მიერ განვლილი გზა, ნაადრევი გადადგომის მიზეზები და პოლიტიკური მემკვიდრეობა.

მეორე ქალი დაუნინგ სტრიტის ათში

ტერეზა მეი ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერი და დღემდე ერთადერთი ქალია, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ოთხი დიდი თანამდებობიდან ორი ეკავა. 2016 წელს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, იგი ექვსი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დროა. თუმცა, ორივე შემთხვევაში ტერეზა მეის საქმიანობა მუდმივი უთანხმოებისა და დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა მინისტრობისას ტერეზა მეიმ უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა, რომელიც მუდმივი კრიტიკის სამიზნე იყო. მან შეამცირა რეგიონალური საპოლიციო დამოუკიდებლობა, გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, შეამცირა პოლიციელთა რიცხვი და დააბრუნა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მინავლებული რიტორიკა. რაც შეეხება პრემიერობის არასრულ სამწლიან ვადას, მეის გამკლავება არაერთ პრობლემასთან მოუწია, თუმცა მის მთავარ გამოწვევას ბრექსიტი წარმოადგენდა.

სწორედ ბრექსიტი იყო ტერეზა მეის აღზევების მიზეზი და მანვე გამოიწვია მისი დაცემაც.

2016 წლის ივლისში მეიმ სწორდ ბრექსიტის რეფერენდუმის მისთვის არასასურველი შედეგის გამო გადამდგარი დევიდ კემერონი (David Cameron) ჩაანაცვლა. რეფერენდუმში გამოხატული ნების თანახმად, 2017 წლის მარტში ბრიტანეთმა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე მუხლის გამოყენებით, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის პროცესი დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დღემდე ერთ ადგილზეა გაყინული.

ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც მეიმ ვესტმინსტერს რამდენჯერმე წარუდგინა, 2019 წლის იანვარში ისტორიულად ყველაზე დიდი უმრავლესობით იქნა უკუგდებული. მეი დამარცხებას არ შეეპუა და გეგმაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ კიდევ ერთხელ დააყენა იგი კენჭისყრაზე, მაგრამ ისევ დამარცხდა. ტერეზა მეიმ ვერ მოახერხა, ერთი მხრივ, ბრექსიტის თემაზე მრავალ ნაწილად გახლეჩილი ბრიტანული საზოგადოების გაერთიანება, მეორე მხრივ კი – ბრიუსელთან მოლაპარაკების მომგებიანად დასრულება.

ეს ყოველივე მისი პრემიერობის ნაადრევ და გარდაუვალ შეწყვეტას მოასწავებდა.

საბედისწერო ანდრეა ლიდსომ

2016 წელს პრემიერობისთვის გამართულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ტერეზა მეის მთავარი კონკურენტი კონსერვატორთა საპარლამენტო ლიდერი, ანდრეა ლიდსომი (Andrea Leadsom) იყო. გამარჯვების მიუხედავად, საკუთარი პარტიის წევრები პრემიერს კიდევ არაერთხელ დაუპირისპირდნენ. მეის მოუწია გამკლავებოდა არაერთი მინისტრის გადადგომას, აჯანყებულ კაბინეტს, წაგებულ არჩევნებს… პარლამენტში მეი არაერთხელ გადაურჩა უნდობლობის შესახებ კენჭისყრას (როგორც ოპოზიციის, ისე – საკუთარი პარტიის დეპუტატების მიერ წამოწყებულს).

მეი არავის უყვარდა და არავის ებრალებოდა. მას კომპრომისებისა და დაპირებების ხარჯზე უწევდა საკუთარი ადგილის შენარჩუნება.

ბოლოს ჩრდილო-ირლანდიურ DUP პარტიასთან მტკივნეული ალიანსი დასჭირდა საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად.

დაპირებები იმის შესახებ, რომ იგი შემდეგ არჩევნებამდე გადადგებოდა, ან რომ გადადგებოდა, თუ ევროკავშირთან ბრექსიტის შესახებ მისეულ შეთანხმებას პარლამენტში მხარს დაუჭერდნენ, მეის პრემიერობის ვადას ახანგრძლივებდა.

თუმცა, მოთმინების ფიალა წვეთ-წვეთობით საბოლოოდ მაინც აივსო.

მეის მმართველობის წლებს არაერთი კრიზისული სიტუაცია ახლდა თან – გრენფელის ტრაგედია, ლონდონის ტერაქტების სერია, სკრიპალების მკვლელობის მცდელობა და კრიმინალის ზრდა.

თუმცა საბაბი, რამაც პრემიერს საბოლოო განაჩენი გამოუტანა, პროზაულად პოლიტიკური იყო – ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორების სასტიკი მარცხი და… დიახ, დიახ, სწორედ იმ ძველი მეტოქის, ანდრეა ლიდსომის თანამდებობიდან გადადგომა.

ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც სამი კვირის წინ ჩატარდა, კონსერვატორებმა 1330 ადგილი დაკარგეს, რაც ყველაზე კოშმარულ მოლოდინზე უარესი აღმოჩნდა. მმართველ პარტიას ასეთი ალიყური საბრალო ჯონ მეიჯორის  (John Major) შემდგომ აღარ უგემია.

საგულისხმოა, რომ ამ ფიასკოთი ვერ ისარგებლა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ლეიბორისტების სახით – მათაც ჯამში 84 ადგილი დაკარგეს.

ბრექსიტის მომხრე პარტიების დანაკარგით იხეირეს ლიბერალ-დემოკრატებმა (+704 ადგილი) და მწვანეთა პარტიამ (+198 ადგილი), რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირიდან გასვლას.

გუშინ, 23 მაისს ტერეზა მეის კაბინეტი კიდევ ერთხელ აუჯანყდა. კაბინეტის ორმოცდამეათე (!) მინისტრის, ანდრეა ლიდსომის გადადგომა ის ამჯერად საკმარისი აღმოჩნდა. ეს საბოლოო ნიშანი იყო პარტიის როგორც გავლენიანი წევრების, ისე – საპარლამენტო ფრთის მიერ ტერეზა მეის მიმართ ნდობის დაკარგვისა.

საბოლოო ჯამში, ტერეზა მეი არც ჯერემი კორბინმა (Jeremy Corbyn) იმსხვერპლა, არც რომელიმე სხვა ოპოზიციურმა ლიდერმა. მას საკუთარ პარტიასთან დაპირისპირებამ მოუღო ბოლო.

კონსერვატორების საშემოდგომო გამოცდა

ბრექსიტის ბოლო ვადა, რომელიც ჯერ 2019 წლის 29 აპრილი, შემდეგ კი – 12 მაისი იყო, ამჟამად ოქტომბრისთვისაა გადაწეული. ერთიანი სტრატეგიის არარსებობის პირობებში, ისედაც ფრაქციებად დაყოფილი კონსერვატიული პარტიისთვის, ახალი ლიდერის არჩევა დამატებითი თავის ტკივილია.

ადგილობრივ არჩევნებში მწარე დამარცხება მიანიშნებს, რომ თუ პარტია მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გადალახავს, მისი ნიშა შეიძლება მალევე იდეოლოგიურად ახლოს მყოფმა პარტიებმა შეავსონ, როგორც ცენტრიდან (ლიბერალ-დემოკრატები), ისე მარჯვნიდან (UKIP, ბრექსიტის პარტია).

სიტუაციის ყველაზე მოსალოდნელი განვითარება ისაა, რომ მმართველმა პარტიამ ხისტი პოზიცია აირჩიოს, ბოლო წლების წარუმატებლობა ტერეზა მეისა და „არასაკმარის ბრექსიტს“ დააბრალოს და შემოდგომაზე შეთანხმების გარეშე დატოვოს ევროკავშირი (“No-deal Brexit”).

თუკი მოვლენები ამ სცენარით განვითარების პირი გამოუჩნდება, პრემიერად ალბათ ლონდონის ყოფილი მერსა და ტერეზა მეის კაბინეტის წევრს, ბორის ჯონსონს (Boris Johnson) ვიხილავთ.

ჯონსონი ბრექსიტის მოძრაობის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი და პოლიტიკურ ისთებლიშმენთში მიღებული პირია. თუმცა საკითხავია, რამდენად დათანხმდება იგი პრემიერის ‘მოწამლული მანტიის’ მოსხმას – ბრექსიტი სახელმწიფოსთვის კატასტროფული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს და ამას ჩვეულებრივ თავხედურობამდე გულარხეინი ჯონსონიც კი ხვდება.

სხვა კანდიდატებია: ყოფილი ბრექსიტის მინისტრი, დომინიკ რააბი (Dominic Raab), ამჟამინდელი მინისტრები – ჯერემი ჰანტი (Jeremy Hunt), მაიკლ გოვი (Michael Gove) და საჯიდ ჯავიდი (Sajid Javid). მათ წარმატების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ, თუმცა მომავალ კვირებში შესაძლოა სურათი კარდინალურად შეიცვალოს.

ახალი პრემიერის კანდიდატურის შერჩევამდე კაბინეტს ფორმალურად კვლავ ტერეზა მეი უხელმძღვანელებს.

ტერეზა დასავიწყებლად

ტერეზა მეის პრემიერობას თან არაერთი მნიშვნელოვანი, თითქმის ტრანსცენდენტური გეოპოლიტიკური და საშინაო მოვლენა ახლდა, თუმცა სანამ მის გარჩემო მოვლენები დუღდა, თავად მეი ყოვლად უნიათოდ გამოიყურებოდა.

ისტორიამ ინება, რომ თუ ბრექსიტის დასაწყისი კემერონთან იყო ასოცირებული, მისი დასასრულის ფასსაც ახალი ლიდერი მოიმკის, ტერეზა მეის პრემიერობა კი ამ ორ მოვლენას შორის ჩაიკარგება.

ბრექსიტით ხელფელშეკრულმა მეიმ ვერც სახელმწიფო საქმეებს მოუარა – კრიმინალისა და უმუშევრობის ზრდას – და ვერც პარტიულს – რთული სათქმელია, რამდენად და როდისღა მოახერხებენ კონსერვატორები  დღევანელი კოლაფსიდან გამოსვლას.

საბოლოო ჯამში, მეიმ შინაგან საქმეთა მინისტრობისას უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ნაბიჯები გადადგა, ვიდრე პრემიერობისას.

ექსცენტრიული კომედიის შესაფერი აურზაური და დომხალი გვერდზეც რომ გადავდოთ,მაინც რთულია იმის ახსნა, თუ რამდენად ამაო და უფერული იყო ტერეზა მეის სამწლიანი პრემიერობა.

იგი წააგავდა ადამიანს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი სასამართლომდე გამოუტანეს, თუმცა თავის გადარჩენას ყველა გზით ცდილობს.

საბოლოო ჯამში, ტერეზა მეი აღმოჩნდა მსხვერპლი, რომელიც კონსერვატიულმა პარტიამ მმართველობის შესანარჩუნებლად გაიღო.

მურაკამის ციტატა რომ მოვიშველიოთ, „ცხოვრება ხანგრძლივია და ზოგჯერ სასტიკი. ზოგჯერ მას მსხვერპლიც სჭირდება. ეს როლიც უნდა შეასრულოს ვინმემ. ადამიანის სხეული მარტივად ტყდება და ადვილად ზიანდება. თუ დაჭრით, სისხლი წამოუვა“.

როგორც აღმოჩნდა, ტერეზა მეიც ადამიანი ყოფილა.

მსგავსი/Related

Back to top button