ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ ბულგარეთში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს სტუმრობდა. ორშაბათს ის ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ცვეტა კარაიანჩევას შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძემ ბულგარეთს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, საქართველო მიესალმება ბულგარეთის „აქტიურ ჩართულობას“ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.

„ჩვენი თანამშრომლობის ეს ასპექტი სარგებელს მოუტანს რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა დარგობრივი მიმართულების თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ორი ქვეყნის პოტენციალზეც ისაუბრეს. „მოტივირებულები ვართ, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე დასძინა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს „შეუძლიათ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდების ფუნქცია შეასრულონ“.

კობახიძემ ქართველი და ბულგარელი ხალხების „საერთო სულიერ და კულტურულ მსგავსებას და მემკვიდრეობასაც“ გაუსვა ხაზი . „ჩვენ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ და გამოვიყენოთ, როგორც საერთო საფუძველი ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებისთვის“, – განაცხადა მან.

17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს შეხვდა და მასთან „შავი ზღვის რეგიონში ენერგო, სატრანსპორტო და ციფრული კავშირის გაუმჯობესების“ საკითხი განიხილა.

პრეზიდენტ რადევის თქმით, ბულგარეთი საქართველოს „შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პრიორიტეტულ პარტნიორად“ განიხილავს და რომ „საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგომიწოდების უზრუნველყოფისა და ენერგორესურსების ტრანსპორტირების წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციის საქმეში“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის იდეები, რომლებიც საქართველოსა და ბულგარეთს შორის ციფრული დერეფნის განვითარებას, ელექტროენერგიის გადაცემისთვის შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანას ეხება“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

სოფიაში ირაკლი კობახიძე ბულგარეთის პატრიარქს ნეოფიტსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button