ახალი ამბები

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები და შავ ზღვაზე თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

Tags

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სოფიას სტუმრობდა, სადაც თავის ბულგარელ კოლეგას ბოიკო ბორისოვს შეხვდა.

ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი პრემიერ-მინისტრი ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს ბულგარეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 440.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 258.9 მილიონი აშშ დოლარი (2017 წელს 186.9 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 181.6 მილიონი აშშ დოლარი (2017 წელს 155.5 მლნ აშშ დოლარი) იყო.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე საქართველოსა და ბულგარეთს შორის „ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას“ მიესალმა, რომელიც „სტაბილურად ვითარდება და განაპირობებს ძლიერ მეგობრობასა და აქტიურ თანამშრომლობას საერთო ინტერესების ბევრი მიმართულებით“.

„საქართველო და ბულგარეთი გეოგრაფიულად არიან დაკავშირებული. ჩვენ შორის ბუნებრივ ხიდად წარმოჩინდება შავი ზღვა, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვიქმნის და უზარმაზარ პოტენციალს ატარებს. მზად ვართ, ის სრულად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს, „საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირების განსამტკიცებლად“. „ძალიან ახლო მომავალში შევძლებთ გამოვაცხადოთ ახალი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან დააკავშირებს და ამდენად აღმოსავლეთს – დასავლეთთან“, – დასძინა მან.

ბახტაძემ ბულგარეთის ოფიციალურ პირებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიმართ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა დაადასტურა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორისოვმა განაცხადა, რომ საქართველო „გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის იქითა სანაპიროზე და ასევე არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და მათთვის ევროპასთან ხიდის ფუნქციის მატარებელი“.

სოფიაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევსაც შეხვდა. 15 აპრილს ბახტაძე ბუქარესტს სტუმრობდა, სადაც რუმინეთის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button