skip to content
ევროპაფილოსოფოსის რვეული

დამღალა ამ დემოკრატიამ… მეშველება, ექიმო?!

პასუხობს შარლ პეპანი (Charles Pepin), ფილოსოფოსი, პროფესორი, ავტორი წიგნისა “საკუთარი თავის რწმენა – ფილოსოფიური მიდგომა.”

მართლაც, პოლიტიკური რეჟიმი, რომელშიც არასოდეს, არც ერთი ბრძოლა არაა საბოლოოდ მოგებული ძალიან დამღლელია…

დემოკრატიაში, არ არსებობს “ჭეშმარიტება”, რომელიც დებატებიდან იშვება, ხოლო დისკუსია რომელიმე თემაზე არასოდესაა საბოლოოდ დასრულებული. დემოკრატიული რეჟიმი არ ემყარება ზეცით მოვლენილ ჭეშმარიტებას, ანდა ტრადიციის ძალას. მასში არაფერია ისეთი, რისი განხილვაც არ შეიძლება – ალბათ, იმ პოსტულატის გარდა, რომ ყველაფერზე დისკუსია დაშვებულია.

სწორედ ამიტომაც უწოდებდა დემოკრატიას კლოდ ლეფორი (Claude Lefort) – “რეჟიმს, რომელშიც წაშლილია ჭეშმარიტების ყოველგვარი საყრდენი” – და მიუთითებდა დემოკრატიის ისეთ რეჟიმად დეგრადირების საფრთხეზე, რომელსაც შეუძლია თავს მოგვახვიოს ჭეშმარიტება – სწორედ ასეთებია დიქტატურა და ტოტალიტარიანიზმი.

ამიტომაც, ჩემო მკითხველო, თქვენი დაღლილობა გამართლებულიცაა და სახიფათოც. გამართლებული იმიტომ, რომ ეს ჩვენი არაპირდაპირი დემოკრატია მუდამჟამ ჩვენს კონტროლს მოითხოვს, მას შემდეგ რაც საყოველთაო სახალხო კენჭისყრით აღარ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. გამართლებული იმიტომაც, რომ ყოველი ახალი უმრავლესობა ხშირად მისი წინამორბედის მოქსოვილ ქსოვილს გულმოდგინედ არღვევს.

მაგრამ სახიფათოც, რადგან ჩვენი ეს დაღლილობა ისეთი ხელისუფლების წადილს ასაზრდოვებს, რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტებას მოგვახვევს თავს.

გვიყვარდეს დემოკრატია, ნიშნავს გვიყვარდეს მისი სისათუთე, მისი ყოველდღიური დამოკიდებულება ჩვენზე, ჩვენს ცნობიერ ძალისხმევასა და მონაწილეობაზე, ჩვენს სიმტკიცეზე, რომელიც არ მოგვცემს საშუალებას დავნებდეთ ჩვენს დაღლილობას.

ჯერ კიდევ რუსსო განიხილავდა მოქალაქეობას როგორც ძალისხმევას, რომელიც საჭიროა რათა დაამყარო “ურთიერთწონასწორობა” კერძო ინტერესსა და საზოგადო სიკეთეს შორის. “ადამიანთათვის კანონების დასაწესებლად ღმერთები იქნებოდნენ საჭიროო” წერდა რუსსო ორაზროვნად. გულისხმობდა კი, რომ მხოლოდ ღმერთკაცს შეუძლია საკუთარი კერძო ინტერესი უარყოს? თუ მხოლოდ ღმერთად მყოფს ძალუძს განჭვრიტოს, თუ რაა საზოგადო სიკეთე? ეგებ არც კი…

რუსსო იმასაც ამბობდა, რომ ადამიანი განისაზღვრება არა მისი უნაკლობით, არამედ მისი “გაუმჯობესებადობით” – მისი უნარით, სრულყოს საკუთარი თავი საზოგადოებრივი მოთხოვნილების წყალობით.

დემოკრატიის სისათუთეშია მისი სილამაზე. მისი სიძლიერე ჩვენსაზეა გადაჯაჭვული – ჩვენს მზადყოფნაზე, ვიბრძოლოთ მისთვის ისე, რომ არ მივყვებოდეთ დიად ლიდერს, ყრმებივით ხმაწართმეულნი; ისე, რომ არც ჩვენს პრიმიტიულ ვნებებს დავუთმოთ ველი და არც ჩვენი ემოციების ტირანიას.

თუ ღრმად ჩავხედავთ, დემოკრატია ჩვენგან მოითხოვს ვიყოთ ზრდასრული ადამიანები. სწორედ ესაა ძნელი და დამღლელი.

Via
Philosophie Magazine
პირველწყარო
Notre démocratie me fatigue, c’est grave docteur ?

მსგავსი/Related

Back to top button