ევროპამთავარი თემა

ესპანეთი: სოციალისტები იმარჯვებენ, ულტრანაციონალისტები ძლიერდებიან

Tags

ამ დღეებში ევროპა გაფაციცებით ადევნებდა თვალს ესპანეთს, სადაც გასულ კვირას, 28 აპრილს, უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. იქაურმა იბერიელებმა ულტრამემარჯვენეების გამარჯვების მომლოდინე ანალიტიკოსები გააწბილეს და გამარჯვება მემარცხენე ძალებს არგუნეს.

წინასაარჩევნო კონტექსტი

2018 წლის მაის-ივნისში, ესპანეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის მთავრობას, რომლის მემარჯვენე ორიენტაციის სახალხო პარტია კორუფციულ სკანდალებში გაეხვა. უნდობლობის ვოტუმი ესპანელმა სოციალისტებმა წამოიწყეს და მათ მხარი აუბეს ულტრა-მემარცხენე პოდემოსმა, კატალუნიურმა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა და ბასკების ნაციონალისტურმა პარტიამ (PNV). ახალ პრემიერ-მინისტრად ქვეყანას სოციალისტი პედრო სანჩესი მოევლინა.

მარიანო რახოი. ფოტო: CGTNofficial/Twitter

რახოის კორუფციულ სკანდალებს წინ უძღოდა 2017-18 წლების კატალუნიის კრიზისიც – პოლიტიკური დაპირისპირება ესპანეთის მთავრობასა და დანარჩენ ესპანეთზე საგრძნობად მდიდარ რეგიონ კატალუნიას შორის, რომელმაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გამართა.

სახალხო პარტიას მისმა ტრადიციულმა ამომრჩეველმა, პენსიონერებმაც უგანეს და პროტესტი გამართეს პენსიების გაზრდის მოთხოვნით, რამაც მემარჯვენეების ისედაც შერყეული რეპუტაცია მთლიანად მოარღვია. შედეგად კი სოციალისტურმა ძალებმა იხეირეს.

ქვეყანას დაახლოებით ერთ წელიწადს უმცირესობის, სოციალისტების მთავრობა მართავდა. სოციალისტ სანჩესს მაინცდამაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა ვერ ჰქონდა კატალუნიურ პარტიებთან, რომელთაც მას 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გეგმები ჩაუშალეს. ურჩობა ასე არ უნდაო, სანჩესმა და არც აცია, არც აცხელა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

არჩევნების შედეგები

სოციალისტი პრემიერი პედრო სანჩესი (Pedro Sanchez)

28 აპრილის არჩევნებზე ესპანელები ხალისით წავიდნენ – რეგისტრირებული 36 მილიონზე მეტი ამომრჩევლიდან მოქალაქეობრივი ვალი 75%-მა, ანუ 26 მილიონზე მეტმა ესპანელმა მოიხადა.

სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ (PSOE), ანუ იგივე სოციალისტებმა ხმათა 28,70% აიღეს და პარლამენტის 350 კაციან ქვედა პალატაში ყველაზე მეტი, 123 ადგილი გაინაღდეს, რითაც წინა არჩევნების მაჩვენებელი 6 საპროცენტო ერთეულით გაიუმჯობესეს.

ხმათა 16,68% მიიღო სახალხო პარტიამ და პარლამენტში 66 ადგილი დაიმსახურა. არსებობის ისტორიაში ეს სახალხო პარტიისათვის ყველაზე ცუდი შედეგია – წინა არჩევნებთან შედარებით მათი მხარდაჭერა განახევრდა. ეს განახევრებული შედეგია.

სახალხო პარტიას ცოტათი ჩამორჩა მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური პარტია „მოქალაქეები – მოქალაქეთა პარტია“ (Ciudadanos), რომელმაც ხმათა 15,84% მიიღო. ალბერტ რივერას პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით 2.9 საპროცენტო ერთეულით გაიუმჯობესა შედეგი და 57 ადგილს დაიკავებს ქვედა პალატაში.

14,31%-ით 42 ადგილს დაიკავებს ქვედა პალატაში “უნიდას პოდემოსი” (“ერთად ჩვენ შევძლებთ”), ულტრა-მემარცხენე პარტია, რომელსაც ხშირად პოპულიზმს საყვედურობენ. პოლიტიკის მეცნიერების ყოფილი ლექტორის, პაბლო იგლესიასის პარტიამ წინა არჩევნების შედეგი 7 საპროცენტო ერთეულით გააუარესა და 29 ადგილიც დაკარგა.

28 აპრილის არჩევნების მთავარი კანდიდატები. მარცხნიდან მარჯვნივ: სახალხო პარტიის ლიდერი პაბლო კასადო, ულტრამემარცხენე პოდემოსის ლიდერი პაბლო იგლესიასი, სოციალისტი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალბერტ რივერა. ფოტო გადაღებულია ლიდერები დებატების წინ ფოტო-სესიისას. (Reuters / Juan Medina)

არჩევნებში იხეირეს რეგიონულმა პარტიებმაც. სეპარატისტულმა კატალუნიურმა მემარცხენე რესპუბლიკურმა პარტიამ (ERC) ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში წინა არჩევნებთან შედარებით 6-ით მეტი, 15 დეპუტატი შეიყვანა. Junts per Catalunya-მ, ესპანეთში ძებნილი, ბელგიაში გადახვეწილი ყოფილი კატალუნიელი ლიდერის კარლ პუჩდემონის პარტიამ კი 7 ადგილი გაინაღდა.

„ბასკეთის ნაციონალისტურმა პარტიამ“ 7 დეპუტატის გაყვანა მოახერხა, რადიკალმა ბასკმა მემარცხენეებმა EH Bildu-მ კი 4 ადგილი გაინაღდეს.

ულტრამემარჯვენე VOX-ის წარმატება

მართალია, ულტრამემარჯვენეების აღმავლობის პროგნოზები არ გამართლდა, მაგრამ ეს არჩევნები მაინც გამორჩეული იყო იმით, რომ 1970-იან წლებში ფრანკოს დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ესპანეთის პარლამენტში ულტრა-მემარჯვენეები გავიდნენ.

ულტრამემარჯვენე პარტია VOX (ვოქსი), მიღებული 10%-ის წყალობით მეხუთე ადგილს დასჯერდა და 24 დეპუტატი ეყოლება ქვედა პალატაში. წინა არჩევნებზე ამ პარტიამ ხმათა მხოლოდ 1% მოაგროვა. VOX-მა ესპანელი ამომრჩევლის მეათედი ულტრა-ნაციონალისტური და მტკიცედ ანტი-კატალუნიური პოზიციების წყალობით მიიმხრო.

VOX-ის გამოჩენა ესპანურ პოლიტიკაში ბევრს აღელვებს. აქ ჯერ კიდევ ცხადად ახსოვთ ფრანსისკო ფრანკოს ფაშიტური სამხედრო დიქტატურა, რომელმაც ოთხი ათწლეული, 1975 წელს თვით კაუდილიოს სიკვდილამდე გასტანა.

პროგრესისტ ესპანელებს ნუგეშად ისღა დარჩენიათ, რომ მეზობელი იტალიისაგან განსხვავებით, ესპანელი ულტრა-ნაციონალისტები სამთავრობო კოალიციაში ვერანაირად ვერ მოხვდებიან.

კორიდა და ესპანური პოლიტიკის ფრაგმენტაცია

ესპანეთის ახალ პარლამენტში ნაკლები პოლიტიკოსი და მეტი „ცნობილი სახე“ იქნება წარმოდგენილი. ცნობილებზე ფსონი განსაკუთრებით მემარჯვენე ორიენტაციის პარტიებმა დადეს.

სახალხო პარტიის სიით კენჭს იყრიდნენ მატადორები მიგელ აბეიანი (Miguel Abellán) და სალვადორ ვეგა (Salvador Vega). მატადორობა და ხარებთან ბრძოლა არჩევნებში მნიშვნელოვან თემად იქცა.

მიგელ აბეიანი და სალვადორ ვეგა, რომლებიც სახალხო პარტიის სიით იყრიდნენ კენჭს. ფოტო: EFE | GARCÍA SANTOS

სახალხო პარტია და ულტრამემარჯვენე VOX ამბობენ, ხარებთან ბრძოლა ჩვენი იდენტობის ქვაკუთხედიაო. კორიდა განსაკუთრებით მას შემდეგ „გაპოლიტიკურდა“, რაც კატალუნიელებმა იგი 2011 წელს აკრძალეს.

ესპანურ მედია-გამოცემა “Agencia EFE”-ს სოციოლოგმა ალბერტო პენადესმა უთხრა, „ცნობილი სახეების“ პოლიტიკაში მომრავლება „პარტიებისადმი ნდობის კრიზისის სიმპტომიაო“.

კრიზისი კრიზისად და ესპანეთში ხმის მიცემის საინტერესო ტენდენციებსაც ვაწყდებით, რაც პოლიტიკის და პარლამენტის ფრაგმენტაციის გაღრმავებაშიც აისახება.

არჩევნების შედეგები ესპანეთში მუნიციპალიტეტების მიხედვით. წითელი – სოციალ-დემოკრატიული პარტია, ლურჯი – სახალხო პარტია, ყვითელი – კატალუნიის მემარცხენე რესპუბლიკელები, მწვანე ბასკეთის Eh Bildu. (ფოტო: www.thelocal.es)

ზოგადად, ქალაქელები უფრო სოციალისტებს სწყალობენ, სოფლის საზოგადოება კი – სახალხო პარტიას. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით ჩრდილოეთ-ცენტრალურ ღარიბ მუნიციპალიტეტებში იყოჩაღა.

კატალუნიაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა იმარჯვეს, თუმცა ბარსელონაში სოციალისტებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს. „მოქალაქეებს“, სახალხო პარტიას და მითუმეტეს ესპანელ ულტრანაციონალისტებს კატალუნიელებისაგან დიდი ხეირი არ დასდგომიათ.

დედაქალაქ მადრიდის მდიდარმა, ჩრდილოეთით განლაგებულმა უბნებმა მხარი სახალხო პარტიას დაუჭირეს, ნაკლებად შეძლებულმა, მეტწილად მუშათა კლასით დასახლებულმა სამხრეთელებმა კი უპირატესობა სოციალ-დემოკრატებს მიანიჭეს.

ლიბერალმა „მოქალაქეებმა“ კარგი შედეგები აჩვენეს საშუალო კლასით დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, კერძოდ ჰორტალეზასა და ბარახასში.

ასე გამოიყურება 2011, 2016 და 2019 წლებში არჩეული პარლამენტის ქვედა პალატის შემადგენლობა პარტიების მიხედვით, რაც ნათლად აჩვენებს ესპანური პოლიტიკისა და პარლამენტის ფრაგმენტაციას.

რას უნდა ველოდოთ?

პედრო სანჩესს, გამარჯვებულ სოციალისტთა ლიდერს 123 დეპუტატი ჰყავს, არადა 176 ხმა მაინც სჭირდება, პრემიერი რომ გახდეს და მთავრობა დააკომპლექტოს. ამიტომ, მას კოალიციური პარტნიორები სჭირდება.

„მოქალაქეების“ ლიდერმა რივერამ უკვე თქვა, მე სანჩესთან კოალიციაში არ შევალო. რივერა დიდად არც სოციალისტ ამომრჩევლებს ეხატებათ გულზე .

ერთ-ერთი რეალური ვარიანტი პოდემოსთან, ულტრა-მემარცხენეებთან კოალიცია იქნებოდა, თუმცა პოდემოსი და სოციალისტები ჯამში 175 დეპუტატს აგროვებენ და ერთი კაცი აკლდებათ მთავრობის შესაქმნელად.

შესაბამისად, სანჩესს მოუწევს მცირე, რეგიონული პარტიებიც შეიყვანოს კოალიციაში.

თუმცა, ჯერჯერობით, ბევრი არაფერი გაირკვევა. ესპანეთში 26 მაისს ადგილობრივი, რეგიონული და ევროპული არჩევნები იმართება და წინასწარმეტყველებენ, მანამდე მაინცდამაინც დიდი წინსვლის იმედი კოალიციურ მოლაპარაკებებში არ უნდა გვქონდესო.

საუბრები ზანტად გაგრძელდება, მაისის არჩევნების შემდეგ კი სოციალისტებს, პოდემოსს და რეგიონულ პარტიებს მოუწევთ, არჩევნებით გადაღლილი ესპანელები ცოტათი მაინც დაასვენონ.

Related Articles

Back to top button