ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა: 15-19 აპრილი

ბიუროს სხდომა

16 აპრილს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის 16-19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. დეპუტატებმა დღის წესრიგში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ პირველი მოსმენის საკითხი შეიტანეს. სახალხო დამცველმა, რომელიც ბიუროს სხდომას ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვაზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა, რაც პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად არის შესაძლებელი.

საკომიტეტო სხდომები

  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

15 აპრილს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეთა შრომითი, ლეგალური მიგრაციის და ამ საკითხებთან მიმართებით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში დროებითი კანონიერი დასაქმების შესახებ, კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორმა ნათია კვიციანმა მიაწოდა.

მან დეტალურად ისაუბრა პილოტურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად პოლონეთში განხორციელდა. მისი თქმით, პოლონეთს აქვს განსაკუთრებული შრომითი მიგრაციის რეჟიმი საქართველოსთან.

„დღეის მდგომარეობით მხოლოდ პოლონეთში ასეთი 51 მიგრანტია დასაქმებული და მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ინტენსიური მუშაობა საფრანგეთის მთავრობასთან ანალოგიურ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ნათია კვიციანმა.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, მუხლობრივად უმრავლესობის წევრების მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვდა. მათი მოთხოვნის მიუხედავად უმრავლესობის დეპუტატებმა საკითხი მაინც განიხილეს. საკომიტეტო მოსმენას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროტესტის ნიშნად, საკომიტეტო მოსმენა რამდნეიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ დატოვა. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს, თუმცა იმ დათქმით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობის შემდგომ, საკითხზე მსჯელობა, მისი პლენარულ სხდომაზე გატანამდე, გაგრძელდებოდა.

პლენარული სხდომები

  • 16 აპრილი

16 აპრილს პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ მესამე მოსმენით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები წარადგინა.

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კი კოლეგებს სექსუალურ შევიწროების საკითხებზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით გააცნო. კანონმდებლებმა ის მუხლობრივად განიხილეს.

სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დაჩქარებული წესით წარადგინა პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ესადაგება იმ მოცემულობას, როდესაც პარლამენტში ვერ იქმნება უმცირესობა და დღის წესრიგში დგება ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხი. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ეს საკითხი მოქმედ რეგლამენტში გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ, ცვლილებების პროექტი მომზადდა.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტიც განიხილეს, რომელიც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს. ჟორჟოლიანს სურს კანონიდან ამოიღოს მუხლი, რომელიც გადასახადების პროგრესულობის შესახებ რეფერენდუბის ჩატარებას კრძალავს – ამჟამად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის ერთიანი განაკვეთი მოქმედებს.

სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრებიც სტუმრობდნენ.

  • 17 აპრილი

17 აპრილის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობამ საერთო სასამართლოების შესახებ მათ მიერვე მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დაწყება სცადეს. თუმცა ოპოზიციის პროტესტის ფონზე, მოსმენა ერთი დღით გადაიდო. ოპოზიცია კანონპროექტის ინიციატორებისგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შესწორებულ დოკუმენტს ითხოვდა, რათა მათ წარმოდგენა ჰქონოდათ, თუ კონკრეტულად რომელი რეკომენდაციის გათვალისწინებას გეგმავდა მმართველი გუნდი.

  • 18-19 აპრილი

საბოლოოდ, საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობა და მუხლობრივი განხილვა 18 აპრილს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდა. ცვლილებათა პაკეტი კოლეგებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ანრი ოხანაშვილმა გააცნო და განაცხადა, რომ წარმოდგენილ ვერსიაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული იყო.

კერძოდ, უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ორი რეკომენდაცია გაითვალისწინა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდას გაუქმებას და ინტერესთა კონფლიქტის საკითხს ეხებოდა.

უფრო კონკრეტულად, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ქართული ოცნება ერთგვარ „პოლიტიკურ კომპრომისზე“ წავიდა და უარი თქვა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მსჯელობისა და განსჯის საგანი გახდა, აქაც კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა გადაწყდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატია, მისი კონკურენტისთვის შეკითხვის დასმისა და მისი შეფასების უფლება აღარ ექნება.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ პოზიციები დეპუტატებმაც დააფიქსირეს. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი, პროცესების ფორსირებულ რეჟიმში წარმართვას ცდილობდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების იმიტაციას ქმნიდა. მათივე შეფასებით, რელურად, ოცნების მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონპროექტის არსებულ ვერსიაში იმგვარად არის ფორმულირებული, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მანევრირებისა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა კვლავაც რჩება.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მაინც მიიღო. კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი – წინააღმდეგი იყო.

ამის შემდეგ, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიასაც მოუსმინეს.

შეხვედრები

15 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

15 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სავაჭრო, ეკონომიკურ, ტურისტულ, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებაზეც იმსჯელეს.

15 აპრილს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედა. პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ დიპლომატებს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გააცნო, რომელიც მიწის გასხვისების ნორმებს არეგულირებს.

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კონგრესმენი დევიდ პრაისი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი მხარდამჭერი იყო და დღესაც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ამერიკის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პროგრამა ასრულებს.კონგრესმენები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თამარ ჩუგოშვილსა და ცალკეული კომიტეტის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ.

16 აპრილს აშშ-ს კონგრესის დელეგაციის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ასევე საშინაო პოლიტიკასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორს აფშან ხანს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს.

16 აპრილს UNICEF-ის რეგიონულ დირექტორს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილიც შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა და ახალგაზრდულ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

16 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული დირექტორის ვიზიტთან დაკავშირებით დისკუსია მოაწყო. დისკუსიაში კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან ერთად, მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამაც მიიღეს. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტების წარმომადგენლებმა თავიანთი პოზიციიდან შეაფასეს და იმ სიახლეებზე იმსჯელეს, რაც ბავშვის უფლებათა კოდექსით ინერგება და რეგულირდება.

17 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, კვიპროსში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

17 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველ მარკ ფუმაგალის და იურიდიულ მრჩეველ ლაურენციუ ჰადირკას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

სხვა ღონისძიებები

  • პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და ვენეციის კომისიის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეკომენდაცია შეაფასა.

„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან და როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა დიდი ნაწილის გათვალისწინება შესაძლებელია.

  • გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად აირჩიეს

ევროპული საქართველოს დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს. მისიის ხელმძღვანელად გიგი წერეთლის დანიშვნის გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩეკმა მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button