skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და იორდანიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი 14-18 აპრილს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. დღეს ის თავის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სპიკერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული „მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები“ მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კობახიძემ აღნიშნა: „იორდანია საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც, საქართველოს მსგავსად, ცდილობს თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონულ მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოუძებნოს კონფლიქტებს, შეამციროს დაძაბულობა, გადაჭრას ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები“.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო იორდანიის სახელმწიფოს, იორდანიის მთავრობას და პარლამენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თავის გამოსვლაში, ფეისალ ალ-ფაიეზმა განაცხადა, რომ საქართველოსა და იორდანიას ძლიერი ურთიერთობები აქვთ, რომელიც „ურთიერთპატივისცემას, მჭიდრო თანამშრომლობასა და უამრავ პოლიტიკურ პოზიციას ეფუძნება“. „ჩვენ ვიბრძვით ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ვმუშაობთ შუა აღმოსავლეთის კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარებისთვის, რათა რეგიონში აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“.

მას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იორდანია პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს შუა აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საქმეში პარტნიორად მიიჩნევს.

დღეს იორდანიის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. 16 აპრილს ის ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვევა. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button