ახალი ამბები

RSF: „ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა არა დამოუკიდებელი“

Tags

პარიზში არსებული მედიის უფლებათა დამცველი ჯგუფის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის მიხედვით, 2018 წელს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს საერთო ქულა გაუარესდა, თუმცა ქვაყანამ ერთი პოზიციით წინ წაიწია.

კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2019“ 2018 წლის მოვლენებს ასახავს.

ანგარიშის თანახმად, 180 ქვეყანას შორის საქართველოს 28.98 ქულით მე-60 ადგილი უკავია. 2018 წლის კვლევაში საქართველო 27.34 ქულით 61–ე ადგილზე იყო.

ქულები 1-დან 100-მდე შკალით ითვლება. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა უსწრებს. საქართველოს და სომხეთს ორივეს 28.98 ქულა აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი 61-ე ადგილზეა.

ანგარიშის შეფასებები

„ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელობის გამჭირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მფლობელები კვლავ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ „მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე დავის შედეგი „დიდ გავლენას იქონიებს“.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარის შესახებ“, – ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში დაკავების საკითხსაც მიმოიხილავს და განმარტავს, რომ ეს ფაქტი „შემაძრწუნებელი იყო ქართველებისთვის, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან დისიდენტებს ტრადიციულად თავშესაფარს სთავაზობენ“.

გამოძიებას „ჯერ კიდევ არ წარუდგენია დამაჯერებელი შედეგები“, – ნათქვამია ანგარიშში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავის ყოველწლიურ კვლევას სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე ადგენს, რომელთა შორისაა პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, მედიაგარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ბაზა, გამჭირვალობა და სიახლეებისა და ინფორმაციიის მომზადებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხარისხი.

თვისებრივი ანალიზი შეჯერებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის და ძალადობის აქტების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებთან, რომელთა შეგროვება ცალკეულ ქვეყნებში კორესპონდენტების ქსელის მიერ ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button