უნგრული ქიში
უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ჯერ იყო და ევროკავშირს უკრაინის 50 მილიარდ ევროიანი საბიუჯეტო დახმარების დაბლოკვით დაემუქრა, შემდეგ კი, ეს არ იკმარა და ევროპულ საბჭოს შეუთვალა – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების თემა ევროპული საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგიდან ამოიღეთო. საქმე იმაშია, რომ უკრაინა ევროკავშირის ახალი გაფართოების ტალღის მთავარი და განუყოფელია ნაწილია, რომელიც მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასაც მოიცავს. ემანუელ მაკრონსა და სხვა ევროპელ ლიდერებს ორბანის საპირისპიროში დარწმუნება ჯერჯერობით უჭირთ, არადა უკრაინის გარეშე, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება შეიძლება შეფერხდეს. მოკლედ, ორბანის უნგრეთის ასეთი პოზიციის გამო, სულ არაა გამორიცხული, რომ 14-15 დეკემბრის შეხვედრაზე, ევროპულმა საბჭომ გაფართოების თემაზე გადაწყვეტილებების მიღება უკეთესი მომავლისთვის გადადოს და ორბანის გადარწმუნება განაგრძოს.
“მფრინავი ჰოლანდიელი”
ნიდერლანდებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე “თავისუფლების პარტია“ პირველ ადგილზე გავიდა და 150 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 37 მანდატი დაიკავა. ჩაფლავდა ყოფილი ევროკომისრის, ფრანს ტიმერმანის მცდელობა მარცხნივ გადაეხარა ქვეყნის კომპასი – მწვანეებისა და სოციალისტების კოალიციამ 25 მანდატი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა გადამდგარი პრემიერის, მარკ რუტტეს მემარჯვენე-ცენტრისტული “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის” პარტია, რომელსაც ახალ პარლამენტში 24 ადგილი ერგო. ვილდერსის “თავისუფლების პარტია” საკმაოდ რადიკალური, ანტი-ისლამური და ევროსკეპტიკური მიდგომებით არის ცნობილი, არც უკრაინის გულშემატკივრობით გამოირჩევა და პუტინის რუსეთთან მორიგებასაც ემხრობა. პირველ ადგილზე გასულ ვილდერსს კოალიციური უმრავლესობის შექმნა მოუწევს, რასაც დანარჩენი ჰოლანდიური პარტიები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.
რელიგიური “ხელნაწერები არ იწვიან”?
მოჭარბებული ტერორიზმის აჩრდილით შეწუხებულ დანიის სამეფოში კანონი მიიღეს, რომლითაც ქვეყანაში მნიშვნელოვან რელიგიურ ტექსტებთან” არასათანადო მოპყრობა” აიკრძალა. ამიერიდან, ყურანის, ბიბლიისა თუ თორას უდიერი მოპყრობა დანიაში დასჯადი გახდება და მათი შეურაცხყოფა მაქსიმალური სასჯელის სახით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. დანიის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ასეთი კანონის მიღება უსაფრთხოების მოსაზრებებითაა განპირობებული და ტერორიზმის რისკების შემცირებას ემსახურება. ბოლო თვეებში, დანიაში ძალიან დასჩემდათ ყურანის ასლების დაწვა, რაც როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ მუსლიმი მოსახლეობის ძლიერ მღელვარებას იწვევს და არაერთხელ ტერორისტული აქტების მოწყობის შთაგონების წყაროც გამხდარა.
ევროპული გუნება-განწყობები
ევროპარლამენტის არჩევნების წინ, “Eurobarometer”-მა ევროკავშირის მოქალაქეები გამოკითხა და გამოარკვია, რომ ევროპელი ამომრჩეველი ევროპარლამენტისგან ყველაზე მეტად, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის პრობლემების მოგვარებას ითხოვს. სიღარიბის გარდა, ევროპელებს თურმე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისა და სამუშაო ადგილების პრობლემები აფიქრებთ. ამავე კვლევის თანახმად, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები ევროპელ ამომრჩეველს ნაკლებად ადარდებს და უფრო ამ კონფლიქტების მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგებით არიან შეწუხებული. ევროპარლამენტის არჩევნები კარსაა მომდგარი და მომავალი წლიდან წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურად გაიშლება. ამიტომ, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ევროპულ პარტიებს ევროკავშირის ამომრჩევლის ამ განწყობების გათვალისწინება სულ უფრო მეტად მოუწევთ. ისე თუ დავაკვირდებით, ევროპელი ამომრჩევლის თავსატკივარი დიდად არ განსხვავდება ქართული ფიქრებისგან.
დაძლეული ვეტო
უკრაინისა და რუსეთის თემებზე მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება მარტო საქართველოს როდი ახასიათებს. ამას წინათ, ბულგარეთის პარლამენტმა თურმე მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის მოძველებული ქვეითთა ჯავშანმანქანების გადაცემის სამთავრობო გადაწყვეტილებას. ბულგარეთის პრო-რუსული განწყობების მქონე პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა კი, პარლამენტის ამ თანხმობას ვეტო დაადო და იქვე თავკერძად დაამატა – ეს ძველი, ჯავშანმაქანები შინაც მშვენივრად გამოგვადგებაო. ამ მზაკვრულ ვეტოს შვენივრად დავძლევთ და მოძველებულ სამხედრო ტექნიკას უკრაინას მაინც მივაწვდითო – უპასუხია პრეზიდენტის გამოხტომისთვის ბულგარეთის პრემიერს, ნიკოლაი დენკოვს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ზურგს პრო-ევროპული კოალიციური უმრავლესობა უმაგრებს. 8 დეკემბერს, ბულგარეთის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო მართლაც დასძლია და უკრაინის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამტკიცა. საქმე შეეხება ასამდე ბულგარულ ჯავშანმანქანას, რომელსაც ბულგარეთის შსს უკვე აღარ მოიხმარს.
ზელენსკის აღიარება
ფრონტის ხაზზე ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ მოლოდინები არ გაამართლა. “ჩვენ გვსურდა, უფრო სწრაფად მიგვეღო შედეგები და ამ მხრივ, ფაქტია, რომ სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთო” – უთქვამს “Associated Press”-ის ჟურნალისტისთვის უკრაინის ლიდერს. ზელენსკის აზრით, წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ დასავლეთმა უკრაინას არსაკმარისი იარაღი მიაწოდა და ისიც დაგვიანებით. უზარმაზარ რუსულ სამხედრო მანქანასთან ბრძოლა რესურსებში შეზღუდული უკრაინისთვის არც ისე იოლი საქმეა, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, დანებებას არ ვაპირებთ და ზამთრისთვის ვემზადებითო – გაუმხნევებია გარშემომყოფები უკრაინელ მთავარსარდალს.
პუტინის გაზრდილი არმია
უკრაინისგან განსხვავებით, უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან ვლადიმირ პუტინი გაიძახის, რომ ყველაფერი “კარგად მიდის” და რუსეთის არმია ფაქტიურად მინიმალური დანაკარგებით, წარმატებით უმკლავდება “უკრაინელ ფაშისტებს.” არადა, მის არმიაში მძიმე დანაკარგების შესავსებად, უკვე რა ხანია მსახურობენ ციხიდან გამოთავისუფლებული სერიული მკვლელები, პედოფილები, ზოოფილები თუ სხვა მძიმე დამნაშავეები, რომელთა დაღუპვის ცნობები რუსულ მოსახლეობაშიც არავითარ თანაგრძნობას არ იწვევს. უკრაინაში ყველაფერი იმდენად “კარგად მიდის,” რომ გასულ კვირას, ვლადიმირ პუტინმა საკუთარი არმიის რაოდენობა 170 ათასი ჯარისკაცით გაზარდა. ასე რომ, მომავალი წლიდან, ქაღალდზე მაინც, რუსული არმიის საშტატო შემადგენლობა 2,209,130 ადამიანით განისაზღვრა, რომელთაგან 1,320,000 პირი სამხედრო მოსამსახურე/ჯარისკაცი იქნება. შოიგუს სამინისტროში არმიის გაზრდას ნატო-დან მომავალი საფრთხეებით ხსნიან და უკრაინას საერთოდ არ ახსენებენ – იქ ხომ ყველაფერი “კარგად მიდის.”