ახალი ამბები

ბულგარეთმა დარჩიაშვილის ვიზიტის დროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც 13 ოქტომბრიდან ბულგარეთს სტუმრობს, თავის ბულგარელ კოლეგასა და ვიცე-პრემიერთან, მარია გაბრიელთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ დარჩიაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა და ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

პირისპირ შეხვედრა

პირისპირ შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა  სოფიას მტკიცე მხარდაჭერას  საქართველოს ევროკავშირში  ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. მან აღნიშნა, რომ „საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის  პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე“. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანას საერთო ევროპული ღირებულებები აქვს.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. „ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირისთვის ისეთ საკვანძო მიმართულებებში, როგორიც არის ენერგო უსაფრთხოება და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ამ კუთხით შავი ზღვის მზარდ პოტენციალს და აღნიშნეს შავი ზღვის საკითხზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა, მათ შორის მწვანე ენერგიის პროექტის ფარგლებში ბულგარეთის ჩართულობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს, აღინიშნა ქვეყნებს შორის  გააქტიურებული მაღალი დონის კავშირები, როგორც საკანონმდებლო, ასევე სამთავრობო დონეზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს, ეკონომიკის, ვაჭრობის, მაღალი ტექნოლოგიების, განათლების,  კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით, მათ შორის ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button