Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს-მ საგზაო უსაფრთხოების 2019 წლის გეგმა წარმოადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 აპრილს სასტუმრო „რუმსში“ ახალი სოციალური კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაცია გამართა და საგზაო უსაფრთხოების 2019 წლის გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პარლამენტის წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სამინისტროს ზოგადი ხედვა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. დეტალური პრეზენტაცია კი მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ წარმოადგინა.

გახარიას თქმით, ყველა კვლევით, საქართველო მილიონ მოსახლეზე გზებზე დაღუპული მოქალაქეების რაოდენობით ლიდერია, როგორც რეგიონში, ისე აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპაშიც. მან საგზაო უსაფრთხოების კუთხით, საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან პასუხისმგებლობის გაცნობიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ვერცერთი უწყება მარტო ამ პრობლემა ვერ მოაგვარებს, რამეთუ ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა“.

შსს-ს მიერ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა, 85 946 ადამიანმა კი – ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ გამოწვევასთან საბრძოლველად „ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო“ და დღეის მდგომარეობით, უკვე 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. 2019 წლის ბოლომდე კი, საქართველოს მასშტაბით, 5 000-მდე ვიდეოკამერა იქნება ამოქმედებული.

„წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ“, – აცხადებენ შსს-ში. უწყება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებასაც გეგმავს.

სოციალური კამპანია „მეტის სიცოცხლისთვის“ შსს-მ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მისი მიზანი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გაკეთდა ბანერები და შესაბამისი ვიდეო-რგოლები დამზადდა. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი – formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში უწყების მიერ დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button