ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიარქს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 11 აპრილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო და „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი „ხალხის პრობლემებს“ და ქვეყანაში არსებულ სოციალური-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქთან საუბარში აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში, უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ“.

ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილმა სახელმწიფოს მხრიდან განათლების მიმართულების პრიორიტეტად გამოცხადების, ამ მიმართულებით დიდი ოდენობით დახარჯული თანხებისა და პედაგოგების ხელფასების ზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

პოლიტიკური შეფასებები

ოპონენტები ივანიშვილის გააქტიურებას 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ის ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას მოსყიდვის გზით ცდილობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, „ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ყველას და ყველაფრის ყიდვა, როდესაც ეს გახდება საჭირო, მათ შორის ქართული ეკლესიის“.

„ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ, მორიგ ჯერზე გროშების გადაგდებას დაჰპირდა საქართველოს ეკლესიას. ეს არის წინასაარჩევნო მიმართული მოსყიდვის მცდელობის აქცია“, – განაცხადა მან.

იგივე პოზიცია აქვთ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიის ერთ-ერთი წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით, „ივანიშვილმა იგრძნო საფრთხე დამარცხების და იგრძნო ის, რომ ამ დამარცხებიდან დაიწყება მისი საბოლოო დასამარება და მისი რეჟიმის საბოლოო დასასრული“. „სწორედ ამიტომ ცდილობს, რომ ყველა ხერხს მიმართოს მათ შორის ამ ხერხსაც როდესაც ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია“, – აღნიშნა მანვე.

ოპონენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის განმარტებით, „საკმარისია ივანიშვილის ერთი გამოჩენა საჯარო სივრცეში, რომ სრულიად ჩვენი ოპოზიციური სპექტრი და ოპონენტები ვარდებიან პანიკაში და სრულ ისტერიკაში“.

„ივანიშვილი ათწლეულების მანძილზე, მუდმივად აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან საქმეებს და ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს რომელსაც სიკეთეები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა – „დაოკდნენ ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს, იმიტომ, რომ ქართულ საქმეებზე იერიშის მიტანა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“.

ბიძინა ივანიშვილი ორი კვირის წინ სამეგრელოს სტუმრობდა, სადაც ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რამდენიმე დაპირებაც გასცა. მათ შორის იყო, იმ სახლის ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმად გადაკეთება, რომელშიც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს.

ივანიშვილი ზუგდიდშიც ჩავიდა, სადაც ის მშენებარე ეკლესიას ესტუმრა. ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან საუბრისას, ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ ის ეკლესიის მშენებლობის დასასრულებლად 1 მილიონ ლარს და – თუ საჭირო იქნება – მეტსაც დახარჯავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button