ახალი ამბები

ივანიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

Tags

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 29-30 მარტს სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებამდე ამომრჩევლის გადმობირების მცდელობა იყო.

29 მარტს ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა. სწორედ ამ სოფელში 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქართული ოცნების ლიდერს მუნიციპალიტეტის და ქართუ ფონდის წარმომადგენლებიც ახლდნენ თან.

ივანიშვილი ადგილობრივებს იმ სახლში შეხვდა, სადაც გამსახურდია თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში იმალებოდა. მისი თქმით, ის პრეზიდენტობის სახელობის მუზეუმის, ასევე პარკის და ეკლესიის მშენებლობას დააფინანსებს.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს. „ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. საქართველოში ყველამ იცის, რაც მოხდა, მაგრამ გამოძიება ჩვენ დროს დაიწყო“, – განაცხადა მან.

მან ადგილობრივებს ახალი საბავშვო ბაღის აშენების, სოფლის გზების სამუშაოების დაფინანსების და ოჯახების გაზით და წყლით მომარაგების პირობა მისცა. „ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ… ჩათვალეთ, რომ ზვიადი გიკეთებთ, თქვენ ხომ შეიფარეთ“, – მიმართა ივანიშვილმა ადგილობრივებს.

30 მარტს ივანიშვილი ზუგდიდში ჩავიდა, სადაც ის დაუსრულებელ მართლმადიდებლურ ეკლესიას ესტუმრა. ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან საუბრისას, ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ ის ეკლესიის მშენებლობის დასასრულებლად 1 მილიონ ლარს და მეტს დახარჯავს.

1992 წლის იანვარში ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველ პრეზიდენტად არჩევიდან დაახლოებით რვა თვეში, პოსტიდან ჩამოაგდეს. ის თავდაპირველად სომხეთში გაემგზავრა, შემდეგ კი ჩეჩნეთში, რომელსაც იმ დროს ამბოხებული ლიდერი ჯოხარ დუდაევი მართავდა. 1993 წელს ის საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მისი მცდელობა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო წარუმატებლად დასრულდა. გამსახურდია იძულებული გახდა თავშესაფარი სამეგრელოს რეგიონში ეძებნა. 1993 წლის 31 დეკემბერს, გამსახურდია გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა. ოფიციალური გამოძიების თანახმად, რომელიც 90-იან წლებში ჩატარდა, გამსახურდიამ თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიას მისი ოჯახი და მხარდამჭერები არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მოკლეს.

ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთის დედაქალაქში, გროზნოში დაკრძალეს, თუმცა მისი ნეშტი საქართველოში 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გადმოასვენეს.

პოლიტიკური შეფასებები

ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს პოლიტიკური შეფასებები მოჰყა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ივანიშვილის ჩასვლა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა.

„ყველამ ვიცით და პირველ რიგში ივანიშვილმა იცის, რომ მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს სამეგრელოში. ამიტომ, არჩევნების წინა პერიოდია და დაიწყო ისევ თავისი თაღლითური მოძრაობები, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას და პირველ რიგში ივანიშვილს, რომ ზუგდიდი სხვანაირი ქალაქია, ზუგდიდს ვერც მოატყუებენ და ვერც იყიდიან“, – განაცხადა მან.

„ყველასთვის გასაგებია რაც ხდება. ეს მისი პირველი მცდელობა არ არის, რომ ადამიანების გული მოიგოს. უკვე შვიდი წელია ცდილობს, მაგრამ ხალხმა ბევრი არაფერი ნახა შედეგად და, ალბათ, ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ და გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ივანიშვილი რეგიონს არჩევნებთან დაკავშირებით არ სტუმრობდა. „ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ადამიანი, რომელიც სამეგრელოსთვის ბევრ კარგს აკეთებს და გააკეთებს მომავალში“, – განაცხადა მან.

იმავე შინაარსის კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებს არ უკავშირდებოდა. „ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა და აგრძელებს სიკეთის კეთებას და მე მგონი არასწორი იქნება, დავუკავშიროთ არჩევნებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button