ახალი ამბებიინტერვიუმოსაზრება

საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ საუბრობენ

Tags

26-27 მარტს თბილისმა ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების დაახლოებით 150 წარმომადგენელი შეიკრიბა. ღონისძიებას ჯანდაცვის სპეციალისტები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ.

Civil.ge-მ კონფერენციის რამდენიმე მონაწილეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შეფასება და მათი მოსაზრებების გაზიარება სთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გაამახვილოს სახელმწიფომ ყურადღება ზიანის შემცირებაზე. ქვემოთ მათი პასუხებია მოცემული.

გონა დოვბახი – ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის (EHRA) აღმასრულებელი დირექტორი

როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნულ ნარკოპოლიტიკას?

საქართველოს ნარკოპოლიტიკა არასტაბილურობას განიცდის. [პოლიტიკა] ცუდი იყო და შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებამ ძალიან კარგი, ყოვლისმომცველი მიდგომა შეიმუშავა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის პარლამენტში ვერ გავიდა. ეს შეიძლება შევაფასოთ როგორც ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან.

ამრიგად, საზოგადოებისა და ნარკოპოლიტიკის რეფორმის საერთაშორისო მხარდამჭერების განწყობა არცთუ ისე ოპტიმისტურია, [მაგრამ] ვიმედოვნებთ, რომ ის ცოდნა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ, ნარკომომხმარებლების სხვადასხვა ქვეჯგუფებმა მიიღეს, ასევე ერთად მუშაობის, ერთად ადვოკატირების, ერთად მოქმედების და საკანონმდებლო ინიციატივების ერთად შექმნის გამოცდილება შემდგომი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს.

ნარკომოხმარების კრიმინალიზება, ყველა ეს ტესტირებები, ნარკომომხმარებლებისთვის მომსახურების არარსებობა ან ნაკლებობა და ნალოქსონის (პრეპარატი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი დოზის სიმპტომების ლიკვიდირებას ახდენს) ურეცეპტოდ გაცემის შეზღუდვა – მკაცრი გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს ადამიანების დაპატიმრება პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების გამოყენებისა და შენახვისთვის.

სწორედ ამიტომ ვუსვამ ხაზს ყოვლისმომცველი მიდგომის საჭიროებას. არსებულ მიდგომას ვერ შეცვლით მცირე ქმედებებით, თქვენ ყოვლისმომცველი ცვლილება გესაჭიროებათ.

რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ზიანის შემცირება?

საქართველოში, ძირითადმა სახელმწიფო მოთამაშეებმა იციან, რატომ მუშაობს ზიანის შემცირება. შიდსის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო… მათ იციან, რატომ მუშაობს ზიანის შემცირება და რისთვის მუშაობს ის – დაავადების პრევენციისთვის.

სახელმწიფოსთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ზიანის შემცირება ძალიან ეფექტიანია ნარკომომხმარებლებს შორის აივ (HIV)-ის ახალი შემთხვევების დონის შესამცირებლად. ის ასევე ძალიან ეფექტიანია ტუბერკულოზის კონტროლისა და მკურნალობისთვის, რაც ნარკომომხმარებლების გარდაცვალების მთავარი მიზეზია, ასევე C ჰეპატიტის და სხვა ვირუსების კონტროლისა და მკურნალობისთვის.

საქმე ეხება საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფას კომპლექსური სოციალური დახმარებისთვის, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ზიანის შემცირებამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებები დააკმაყოფილოს.
ზიანის შემცირებას ორი საფუძველი აქვს: პირველი, რაც უნდა უზრუნველვყოთ, რაც ღირებული იქნება ნარკომომხმარებლებისთვის და სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს, არის კონსულტაცია – იქნება ეს ფსიქოლოგიური, თუ იურიდიული. ასევე, უსაფრთხო ადგილი მოხმარებისთვის, კომუნიკაციისთვის, საკუთარი თავის მხარდაჭერისთვის.

ამასთან ერთად მოვა თვითეფექტიანობისა და თვითპატივისცემის გაგება ნარკომომხმარებლებს შორის. თუ მე ვამაყობ ჩემი თავით, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებ ტესტირებაზე, სუფთა ნემსებზე, იმაზე, რომ უსაფრთხოდ ვიყო ოპიოიდების ჩანაცვლებითი მკურნალობის დროს, ფრთხილად ვიყო სხვა ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირების ან ნარკოტიკების გამოყენების დროს მათი შემოწმებისას. ეს არის ზიანის შემცირების არსი – ეს ცვლის აზროვნებას ჩემი, როგორც ნარკომომხმარებლის შესახებ.

საქართველო მზად არის წინ წავიდეს [ამ მიმართულებით] და ის მიდის წინ.

მეთ საუთველი – ნარკომომხმარებლების ევროპული ქსელი (EuroNPUD) – პროექტის მენეჯერი

როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნულ ნარკოპოლიტიკას?

ვფიქრობ, საქართველო გზაგასაყარზეა: თქვენ ძალიან, ძალიან მკაცრი, სადამსჯელო ნარკოკანონმდებლობა გაქვთ, რაც მაგალითია იმისა, რომ ის არ მუშაობს, თუმცა ის ასევე იყო მაგალითი, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდობის სოციალურ რეაგირებას, რაც შთაგონების წყაროა ბევრი ჩვენთაგანისთვის მსოფლიოში, რომლებიც ნარკოკანონმდებლობის რეფორმას ვაკვირდებით.
ვფიქრობ, საქართველო არის ეს ძალიან კონფლიქტური ისტორია, უკიდურესი კრიმინალიზაციით და ახალგაზრდების ძალიან პოზიტიური რეაგირებით, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილების დროა, წინსვლის დროა.

ვფიქრობ, რომ ცვლილების მზარდი მოდელი გჭირდებათ. ვფიქრობ, იმ ადამიანების დეკრიმინალიზაციით უნდა დაიწყოთ, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, შემდეგ კრიმინალიზაციიდან მოხსნის შემდეგ, ჩვენ ნელ-ნელა წავიწევთ უფრო დიდი რეგულირებისკენ, უფრო მსუბუქი ნარკოტიკებით, როგორც კანაფია.

ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნარკოკანონების უზარმაზარ რევოლუციასთან გამკლავება რთული იქნება. თუმცა, დამატებითი ცვლილებაა სწორედ ის, რაც უფრო შესაძლებელი იქნება.

რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ზიანის შემცირება?

მიზეზი, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს ზიანის შემცირება, არის ის, რომ ეს ფულს ზოგავს.

თუ გყავთ ადამიანები, რომლებიც აივ-ით ცხოვრობენ, თუ გყავთ ადამიანები, რომლებიც C ჰეპატიტით ცხოვრობენ, გიწევთ იმ ფინანსურ შედეგებთან გამკლავება, რაც ვიღაცის გარდაცვალებას და საზოგადოების დაკარგულ პროდუქტიულობას მოჰყვება, რაც ცუდი ნარკოპოლიტიკის შედეგია.

ზიანის შემცირება ადამიანებს საკუთარ ცხოვრებას უბრუნებს. ის ადამიანებს ჯანმრთელობისა და საკუთარ ოჯახებში, ღირსეულად ცხოვრების, ასევე საზოგადოებაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს. ბევრი ნარკომომხმარებელი საკმაოდ ყურადღებიანი, ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანია და ჩვენ საზოგადოებიდან გვრიყავენ მაშინ, როდესაც ჩვენ რეალურად ის გვინდა, რომ აქტიური და ერთგული მოქალაქეები ვიყოთ.

ელისაბეთ ავრილი – Gaia Paris; მსოფლიო ექიმები საფრანგეთი/საქართველოს წარმომადგენლობა – დირექტორი

როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნულ ნარკოპოლიტიკას?

რაც შეეხება კანაფს, ვფიქრობ … ეს არის შესაძლებლობა, რომ ნარკოპოლიტიკაზე ვიფიქროთ, განსახვავებულად შევხედოთ, უფრო ნაკლები რეპრესიული ქმედებებით და მეტი მომსახურებებით და, შესაძლოა, რეგულირებით… ამავე დროს, ვფიქრობ, რომ მათ ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინონ, რადგანაც რთულია ხელმისაწვდომობა გქონდეს ჯანდაცვის მომსახურებებზე, როდესაც ნარკომოხმარების კრიმინალიზაცია ხდება.

ვხედავთ უამრავ ადამიანს, რომელიც არ საუბრობს ნარკოდამოკიდებულებაზე, ისინი არ მიდიან ჯანდაცვის სამსახურებში – C ჰეპატიტით ან სხვა ინფექციებით – ისინი არ მიდიან, რადგანაც, ფაქტობრივად, კრიმინალებად ითვლებიან. ანალოგიური პრობლემა გვაქვს საფრანგეთში. ჩვენ გვაქვს ნარკოტიკების მოხმარების ოთახი, მაგრამ ის [ზიანის შემცირების დაწესებულების] პერიმეტრში მდებარეობს. სხვამხრივ, ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალად ითვლება.

რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ზიანის შემცირება?

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ნარკოტიკები არსებობს, ადამიანები მოიხმარენ მათ და ზოგიერთებს, მათ შორის, დაახლოებით 10 %-ს – ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, რაც ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის.

ამ ხალხს ვერ გავრიყავთ, რადგანაც ისინი საზოგადოებაში ცხოვრობენ, მათ ოჯახები ჰყავთ და ამიტომ, თუ საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია გვინდა, მათ რაიმე განსაკუთრებული მომსახურებები უნდა შევთავაზოთ, როგორც ამას სხვა დაავადებების შემთხვევაში ვაკეთებთ…

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ორი რამ გავაკეთოთ: უნდა მოხდეს ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიაცია, არა მხოლოდ კანაფის, და სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ზიანის შემცირების მომსახურებები, რადგანაც ეს ორი ერთმანეთთან კავშირშია.

გვჭირდება ადგილები, სადაც ნარკომომხმარებლებს ვუმასპინძლებთ, ვესაუბრებით მათ და ზიანის შემცირების მომსახურებებს შევთავაზებთ… და, შესაძლოა დეკრიმინალიზაციასთან ერთად, ადამიანებმა უფრო მიმართონ ჯანდაცვის სამსახურებს და ამას, შესაძლოა, მეტი დაფინანსება დასჭირდეს.

მაგრამ თუ ისინი სისტემაში ფულს ჩადებენ, ისინი საბოლოოდ ამ ფულს უკან მიიღებენ, ვინაიდან ადამიანებს აღარ ექნებათ, მაგალითად, C ჰეპატიტი. ეს იყო მთავარი პრობლემა საქართველოში. ნარკოტიკების მოხმარებას ასევე უკავშირდება სხვა უამრავი ინფექცია, უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა. თუ ადამიანები არ მოვლენ ზიანის შემცირების სამსახურებში, თქვენ მათ ვერ დაეხმარებით.

    This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

    Show More

    Related Articles

    Back to top button