skip to content
ახალი ამბები

ოცნების გადასარჩენად?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის დღეს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ტოქ-შოუ „რეაქციაში“ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა. Civil.ge-მ ყოფილი პრემიერის მთავარ გზავნილებს მოუყარა თავი.

პარტიის გაერთიანება

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი ქართულ ოცნებაში დაბრუნება ზუსტად იმ მიზეზებმა განაპირობა, რის გამოც 2018 წლის მაისში, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა.

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი თანაპარტიელების, ჩვენი პარტიის დამფუძნებლების, ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, ასე ვთქვათ პირველი თაობის, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში და გაძლიერება ჩვენი პარტიის, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა“.

მანვე დასძინა, რომ მისი სურვილია, პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.

„ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს აქვს და ჩვენ ყველანი ერთხმად ვიზიარებთ ამ გეგმას… ჩვენი დაბრუნების მიზანი არის ის, რომ ჩვენი პარტია გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო, რომ ჩვენ ყველა ის დაპირება, რომელიც მივეცით მოსახლეობას, პირნათლად შევასრულოთ და ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“.

წამყვანის კითხვას – „მე-7 წლის თავზე ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის?“ – ღარიბაშვილმა უპასუხა – „არ არის გვიანი, არასდროს არის გვიანი“.

ღარიბაშვილმა პარტიაში ივანიშვილის როლს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების, როგორ პოლიტიკური პარტიის გამარჯვება იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი“.

მანვე ლიდერის არსებობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ „ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი, რომელიც გააერთიანებს და კონსოლიდაციას გაუკეთებს პროცესებს“. „ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

ეკა ბესელია: სამწუხაროა, თუმცა არა ტრაგედია

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ის ღირებულებები, რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა, არსად წასულა“ და პარტიის ხელმძღვანელობა ამ ღირებულებების ერთგული რჩება.

„მინდა მივმართო ამ ადამიანებს, ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებს, ჩემთვის არის პირადად ემოციურად ძალიან მძიმე საყურებელი, ის პროცესები, რაც განვითარდა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დალაგდება“.

„აუხსნელია ჩემთვის პირადად, თუნდაც ეკას [ბესელია] ქმედება. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. ვისგან ან რისგან არ ვიცი, უბრალოდ ჩემს განცდებს გიზიარებთ გულწრფელად… თუ გაქვს შეკითხვა, რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები მერე გამოიტანო სხვის და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი“.

მისივე განმარტებით, ეკა ბესელიასა და მისი სხვა კოლეგების პარტიიდან წასვლა არის მტკივნეული, თუმცა არა ტრაგედია და პარტიას აქვს „სხვა გეგმები“, რომელიც საზოგადოებისთვის უახლეს მომავალში გახდება ცნობილი.

მოსამართლეების უვადოდ გამწესება

ღარიბაშვილმა მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხის გარშემო მმართელ გუნდსა და ზოგადად საზოგადოებაში არსებულ დისკუსიაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ „თუ არსებობს კითხვები ლეგიტიმური საზოგადოების მხრიდან, ჩემი პოზიცია არის მარტივი, რომ ყველა ამ კითხვაზე უნდა იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული“.

„მე არავის ადვოკატი არ ვარ, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი, საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს და იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. არ არის არცერთი მოსამართლე ქართული ოცნების კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე“.

მისივე შეფასებით, სასამართლო სისტემის გარშემო განვითარებული პროცესები „მთავარი ოპოზიციური პარტიისა“ და „მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების“ მიერ არის ორკესტრირებული.

ოპოზიციისადმი შენარჩუნებული ხისტი ტონი

ირაკლი ღარიბაშვილმა არც ყოფილი ხელისუფლებისა და მისი ლიდერების მიმართ ჩვეული ხისტი ტონი და დამოკიდებულება შეცვალა და თქვა, რომ ბევრისთვის, მათ შორის მისთვისაც, ბიძინა ივანიშვილის „სუპერჰუმანისტური“ გზავნილი, რომ ის საზოგადოებას ნაციონალებად და ოცნების მიმდევრებად არ დაყოფდა, ბევრისთვის დაუჯერებელი იყო.

„მე მაგალითად არ მჯეროდა, რომ შეიძლება ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორებიც არიან, მაგალითად სააკაშვილი ან იმ სისხლიანი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ იმ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რომლებიც წლების განმავლობაში, ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და რომლებმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი და ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს“.

ყოფილმა პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, „არცერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, 100-ობით სოფელს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ არათუ პოლიტიკური უფლება აღარ ექნებოდათ ხელისუფლებაში დარჩენის, არამედ რიგ შემთხვევაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ რიგ შემთხვევებში მათი პასუხისმგებლობის საკითხით დამდგარიყო“.

„წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების ხოცვა პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო მათი მართვის სტილი, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მართვის მთელი ეს შეჯამება“.

TBC ბანკის საქმე – ხელშეუხებელი არავინაა

ღარიბაშვილმა განმარტა, რომ „თავისუფლება“, მათ შორის ბიზნესის თავისუფლება ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს „მილიონში ერთი შემთხვევა“, სადაც პრობლემები გვაქვს, რომლის შესახებაც მან არ იცის და „დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი“.

„მამუკა ხაზარაძის კონკრეტული საქმე, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამბობს პრკურატურა, ეს მათი გასარკვევია, ეს არ არის ჩემი სამსჯელო… ეს არის გამოძიების კომპეტენცია და მე მჯერა, რომ გამოძიება საზოგადოებას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას, ამ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ირგვლივ“.

ღარიბაშვილის თქმით, შს მინისტრის მხრიდან მუქარის შესახებ განცხადებას სჭირდება დადასტურება. „არ მაქვს საფუძველი, რომ დავიჯერო“, – აცხადებს ის. „მე მახსოვს, რა იყო ბატონი ივანიშვილის დავალება ჩვენდამი, რომ დაეხმარეთ ყველა ბიზნესს, პრობლემა არ შეუქმნას, არავინ გაბედოს. მე პირადად, ბატონ ხაზარაძეს გავყევი ლონდონში, როცა მოხდა TBC-ის აქციების გატანა [საფონდო ბირჟაზე]“.

ღარიბაშვილს ხაზარაძის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი [TBC ჰოლდინგმა] და რატომ მოხდა ვადების დარღვევა და რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის? ხომ არ იყო პრობლემა იმასთან, რომ მათ უბრალოდ დაფინანასება ვერ მოიპოვეს თავის დროზე ან უბრალოდ დაფინანსებადი პროექტი არ იყო? მე არ ვიცი, ამით დაინტერესდნენ ექსპერტები…“.

კითხვას, ხომ არ იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ივანიშვილის ინტერესი, რის გამოც ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე დაიწყო, ღარიბაშვილმა უპასუხა:

„თუ ივანიშვილს, პირობითად, აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პროექტში ჩართულობას? ვერავინ… უფრო მეტი გარანტია უცხოელი ინვესტორებისთვის რა იქნებოდა, რომ ყოფილიყო ბატონი ივანიშვილი ჩართული ამ პროექტში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი და გამჭვირვალე, არავინ ჩაერია ამ პროექტში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button