მოსაზრებაწერილები

საქართველოს ნამდვილად აქვს მმართველობის პრობლემა, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა დეპუტატის თავმჯდომარეს სოფიო ქაცარავას პასუხობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისგან დაცვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდა.

„საქართველოს არ აქვს ცუდი მმართველობის პრობლემა“, აცხადებს ჩემი კოლეგა სოფიო ქაცარავა Politico-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ. თუმცა, ბევრი ადამიანი საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა სკეპტიკურადაა განწყობილი. სიმართლეა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ყოველთვის იცავენ იმ მთავრობებს, რომელთაც წარმოადგენენ, ხოლო ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია და რა არის ამაში განსაკუთრებული, იკითხავს მავანი. თუმცა, საქართველოს დემოკრატიულ კურსზე ახლო დაკვირვება ქვეყნის კეთილმოსურნეებში შეშფოთებას ან დიდ შეშფოთებას იწვევს.

ამ შემაშფოთებელი ტენდენციის, ისევე როგორც ქართული ოცნების მთავრობის მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, მილიარდელი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა და რომელიც პარტია ქართულ ოცნებას და ასევე ქვეყანას საკუთარი კაპრიზების შესაბამისად მართავს. რეალურად, ამბიციური მიზნების განხორციელების ნაცვლად, ბატონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ივანიშვილის კრიტიკისგან დაცვა გახდა და ამ თვალსაზრისით, დეპუტატ ქაცარავას წერილის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.

მოდით, თვალი გავუსწოროთ ფაქტებს: საქართველოში ფორმალურად საპარლამენტო სისტემაა, სადაც პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ირჩევს, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას ხელმძღვანელობს. და მაინც, ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით გადადგა. ისინი არა მხოლოდ გადადგნენ, არამედ საერთოდ გაქრნენ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ერთ-ერთმა მათგანმა კი, Facebook-ის და Twitter-ის ოფიციალური გვერდებიც გააუქმა.

ის ადამიანებიც კი, რომლებიც ქართული ოცნების მთავრობას ოპტიმისტურად უყურებდნენ, ახლა იმაზე თანხმდებიან, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა სუფევს. არარჩეული, განმარტოებული ბიზნესმენი, რომლის ქონებაც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს ორჯერ აღემატება, ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე, საკუთარი სურვილისამებრ მართავს მთავრობას, რითაც ქვეყნის წარსულ დემოკრატიულ მიღწევებს ანადგურებს და მის შემდგომ პროგრესს აფერხებს.

ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ „ფაშისტები“ უწოდა, პირველად წუხილები არაფორმალური მმართველოს თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წელს გააჟღერეს. ხუთი წლის თავზე კი, ეს დიაგნოზი სრულიად ნათელია. Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, „არაფორმალური მმართველობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია“, ხოლო „ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდელი და ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე არაფორმალურ გავლენას ახდენს“. „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ბერლინის ოფისმა კი, ამას უფრო მკაფიო შეფასება მისცა – „სახელმწიფოს მიტაცება“.

ივანიშვილი პირადად ედგა სათავეში ორ ბოლოდროინდელ მოვლენას, რამაც საქართველოს და მის მეგობრებს დიდი თავის ტკივილი მოუტანა. ესენია: მოსამართლეთა სადავო დანიშვნები და თიბისი ბანკსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე თავდასხმები.

სწორედ ივანიშვილია, ვინც უზენაეს სასამართლოში ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის უვადოდ დანიშვნას პირადად ემხრობა. ამ ჯგუფის წევრებმა, კლასიკურმა ორგანიზებულმა კლანმა, სასამართლო სისტემის სრული და შეუფერხებელი კონტროლისთვის, სხვადასხვა სენსიტიურ საქმეებზე საკუთარი ლოიალობის სანაცვლოდ, ივანიშვილის სრული მხარდაჭერა მოიპოვეს. მაგალითად, ასეთებია „რუსთავი 2“-ის საქმე და პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობა (მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მან მე-18 მუხლი მოიგო). ასევე, მაშინ როდესაც ივანიშვილს და მის მოკავშირეებს მსხვილ საერთაშორისო ბიზნესებზე ზეწოლა სურთ, როგორც ეს ფილიპ მორისთან სასამართლო დავის დროს მოხდა. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ 2018 წელს აღნიშნა, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის სერიოზული ნაკლებობა ქვეყნის მასშტაბით შემდგომ პროგრესს აფერხებს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „სასამართლო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებაში ჩარევის თაობაზე მინიშნებები კვლავ არსებობდა“. ამგვარი გაფრთხილებები ჩვენი მეგობრების მიერ კეთდება და იგნორირების ნაცვლად, უფრო რაციონალური იქნება, რომ მათ მოვუსმინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ლეგიტიმური კითხვები არსებობდეს იმ 17 მილიონიანი ტრანზაქციის შესახებ, რომელიც თიბისი ბანკმა 11 წლის წინ განახორციელა, ეს ტრანზაქცია სულაც არ ნიშნავს ფულის გათეთრებას, რა იარლიყის მიკერებასაც პროკურატურა ბანკის დამფუძნებლებისთვის ცდილობს, რომლებიც ასევე ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში არიან ჩართულები. მინდოდა ეს შეკითხვები გასულ ხუთშაბათს ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ბანკის დამფუძნებლებისთვის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის დამესვა, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებმა, რომლებსაც, მედიის ინფორმაციით, წინა ღამეს ივანიშვილთან კონსულტაცია ჰქონდათ, კითხვების დასმის საშუალება არ მოგვცეს, აღნიშნეს რა, რომ ეს დააზიანებდა იმ ბანკს, რომელსაც ისინი და პროკურატურა გამუდმებით უტევენ.

ამგვარი შეტევა პროკურატურის მხრიდან უპრეცედენტოა, ვინაიდან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ბრალდებები წაყენებული ჯერაც არ არის. თუმცა, საქმის მასალების ერთი თვალით დანახვაც კი ცხადყოფს, რომ არ არსებობს კითხვები თანხების წარმომავლობის და დანიშნულების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების ბრალდების წაყენებისას. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს არასდროს უხსენებია ფულის გათეთრება და სანაცვლოდ, უფრო ნეიტრალურ „ინტერესთა კონფლიქტზე“ ამახვილებდა ყურადღებას.

თუმცა, პროკურატურის მხრიდან ასეთი უტიფრობა, დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა, ვინაიდან მოქმედი მთავარი პროკურორი, ივანიშვილის ყოფილი კერძო ადვოკატი, ყოფილი მთავარი პროკურორების ფარცხალაძის და შოთაძის კლანის მეშვეობით მას ექვემდებარება და არა რომელიმე დემოკრატიულად ანგარიშვალდებულ სტრუქტურას. ამგვარი სუბორდინაცია სრულიად მკაფიო გახდა ხორავას მკვლელობის საქმეში, რომელიც საპარლამენტო კომისიამ ჩემი თავმჯდომარეობით დეტალურად განიხილა. მიუხედავად ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან ჩარევის თაობაზე არსებული მკაფიო მტკიცებულებებისა, კომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად და პროკურატურის იმ თანამშრომლების გასასამართლებლად, რომლებიც მკვლელებს ხელს აფარებდნენ, არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა.

იმ ფონზე, როდესაც საქართველო ნელა, თუმცა სტაბილურად უკან იხევს, მხოლოდ პუტინი რჩება მოგებული. სწორედ გასულ კვირას შვედეთმა რუსი ჯაშუში დააკავა. არცთუ დიდი ხნის წინ, კიდევ ერთი ესტონეთში დააპატიმრეს. ის, რომ საქართველოს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის არცერთი პირი დაუკავებია, არის ერთი, თუმცა სამწუხაროდ არა ერთადერთი მაგალითი იმისა, თუ ნელ-ნელა როგორ იბრუნებს მოსკოვი საკუთარ გავლენას საქართველოში.

მარტინ ლუთერ კინგმა განაცხადა, რომ ბოლოს ჩვენ გვემახსოვრება არა ჩვენი მტრების სიტყვები, არამედ ჩვენი მეგობრების სიჩუმე. საქართველომ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, როდესაც სიჩუმე მმართველობის პრობლემებზე, შესაძლოა, დამღუპველი იყოს ჩვენი მომავლისთვის. ამის გამო, მოვუწოდებდი სოფიო ქაცარავას და მის მეგობრებს ქართულ ოცნებაში, რომ ხმამაღლა ისაუბრონ ამ პრობლემებზე და არ დამალონ ისინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ოლიგარქს გააბრაზებს.

დეპუტატ სოფიო ქაცარავას წერილი იხილეთ აქ

This post is also available in: English (ინგლისური)

Show More

Related Articles

Back to top button