ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-9 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, სადაც 6 თებერვალს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და კანონმდებლებს შეხვდა.

მინისტერიალის შემდეგ, ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ „საქართველო როგორც აშშ-ის უახლოესი პარტნიორი და კოალიციის წევრი მზად არის მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს, რაც საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტიცაა“. მანვე აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე მან „ყველა იმ ნაბიჯისა და ძალისხმევის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველო „ტერორიზმის საფრთხის აღსაკვეთად“ მიმართავს.

ვაშინგტონში ყოფნის დროს, ზალკალიანმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპის და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომფსონთან. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს.

„საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ტომფსონმა.

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია კონგრესში

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდა, მათ შორის, კონგრესმენ ელიოტ ენგელს, რომელიც, როგორც ზალკალიანს მიაჩნია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის „შემდგომი გაღრმავების ერთგული რჩება“.

ზალკალიანი კონგრესმენებს: ბრედ შერმანს, სტივ შაბოტს, დევიდ პერდიუს, ჯეიმს რიშს, რონ ჯონსონს, ბილ ფლორესს და ფრენსის რუნისაც შეხვდა.

ეს უკანასკნელი იმ ორპარტიული რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც მან კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში 30 იანვარს წარადგინა და რომელიც:

1) აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიებია; 

2) გმობს სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოა (“client state”) – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.

დავით ზალკალიანმა კონგრესმენ რუნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვენესუელის თემა

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელს კარლოს ალფრედო ვეკიოს შეხვდა და „საერთაშორისო სამართლის და ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით“, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარლოს ვეკიომ აღნიშნა, რომ მის მთავრობას საქართველოსთან „ურთიერთობების გახსნა“ სურს და „ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე“.

ვენესუელა ამჟამად იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button