ახალი ამბები

თბილისი გმობს ვენესუელას ”დიქტატორის” არამეგობრულ გადაწყვეტილებას

ოფიციალური თბილისი გმობს და ”უკიდურესად არამეგობრულ” ნაბიჯს უწოდებს ვენესუელას ”დიქტატორის” ჰუგო ჩავესის გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან მოსკოვში შეხვედრისას, 10 სექტემბერს ჰუგო ჩავესის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ”საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების ასე ხელაღებით დარღვევა თავად ვენესუელისთვის იქნება კონტრ-პროდუქტიული”.

”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ვენესუელის დიქტატორის ამ გადაწყვეტილების შედეგად მოხდება საერთაშორისო სამართლის პატივისმცემელი სახელმწიფოების შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პრინციპის გარშემო,”- ნათქვამია განცხადებაში, ”გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ვენესუელას დიქტატორის ეს გადაწყვეტილება ვერ ახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივ მდგომარეობაზე და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

აქვე, საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვენესუელას პრეზიდეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთისგან დაპირებული ”ასეულ მილიონიანი კრედიტის და დიდი რაოდენობის იარაღის სანაცვლოდ” მიიღო და მას არაფერი აქვს საერთო ვენესუელელი ხალხის ნებასთან.

”ჩვენ გვჯერა, რომ ვენესუელის დიქტატორის გადაწყვეტილება გაუქმდება მაშინვე, როდესაც ვენესუელის მოსახლეობა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად აირჩევს ახალ ხელისუფლებას,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ამ დრომდე მხოლოდ რუსეთს და ნიკარაგუას ჰქონდა აღიარებული.

”რუსეთის ფედერაციის მმართველი ტანდემის – პუტინისა და მედვედევის სტატუსზე მსოფლიოში ნათლად მეტყველებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის საკითხზე მათი უახლოესი პარტნიორების – უგო ჩავესისა და [ნიკარაგუას პრეზიდენტის] დანიელ ორტეგას ვინაობა და რეპუტაცია. ასეთი კომპანიის პირობებში რუსეთის საგარეო პოლიტიკა კვლავაც განწირული რჩება კონფრონტაციულობასა და თვით-იზოლაციაზე,”- აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button