skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

ქვემოთ მოცემულია პრემიერის საახალწლო მიმართვის სრული ტექსტი:

„ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო!

გილოცავთ დამდეგ 2019 წელს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის.

ახალი წელი ყველას დღესასწაულია და როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს, მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, – თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეგიქმნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა – და – რაც შეიძლება მოკლე დროში.

2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავძლიოთ ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა – სიღარიბე და მივაღწიოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახი იგრძნობს.

600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრ გამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს უფროს თაობას, ყველას, ვინც უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას.

დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ საერთო ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ საერთო მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

ამისათვის, ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი.

მინდა, მივულოცო ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი და ვუთხრა, რომ განათლება იქნება მომავალ 2019 წელს ჩვენი უპირობო პრიორიტეტი.

განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ინოვაციები ჩააყენებს საქართველოს განვითარებული და ევროპული ქვეყნების რიგში, იქ, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება ყველასთვის!

გილოცავთ!“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button