არჩევნები 2018ახალი ამბები

17 არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის განცხადებას ეხმიანება   

Tags

17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ძირითადად უფლებადამცველებმა, „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატეს პროკურატურის 21 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უწყებამ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ წყაროს ვინაობის გამჟღავნება მოსთხოვა.

არასამთავრობოების თქმით, პროკურატურის განცხადება „ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“.

განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ხელისუფლება უკვე კარგა ხანია გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკის იმ ზღვარს, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

მათივე თქმით, საქართველოში, 2004 წელს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, „ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო“. ორგანიზაციების თქმით, ეს უფლება გამოხატვის უფლების საკონსტიტუციო უფლებითაა დაცული.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პროკურატურა „კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით ცდილობს ეს უფლება ეჭქვეშ დააყენოს და სასამართლოს მეშვეობით ბორკილები დაადოს ჩვენი საქმიანობის საზღვრებს“.

„ხელისუფლების უნდა ესმოდეს, რომ მისი უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ადამიანის უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას „კარგად გაიაზროს ის პრინციპები, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,  საკუთარი კომპეტენცია და ფუქნციები განიხილოს არა ადამიანის უფლებებისგან მოწყვეტით, როგორც ეს ავტორიტარული სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ადამიანის უფლებებთან ერთიანობაში“.

„დაუფიქრდეს იმ გამოუსწორებლად დამაზიანებელ შედეგებს, რომელიც მათივე განცხადებით გათვალისწინებულმა სამომავლო ნაბიჯებმა შესაძლოა მოუტანოს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას საქართველოში, ისე ქართულ, ჯერ კიდე მყიფე დემოკრატიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საფარი;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

თანასწორობის მოძრაობა;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG);

პარტნიორობა ადამიანისუფლებებისთვის (PHR);

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

საქართველოს რეფორმების ასოციაციია (GRASS);

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

ცენტრი ემპათია;

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

ლიბერალური აკადემია თბილისი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button