ახალი ამბები

წულუკიანი: სამი არასამთავრობო ორგანიზაცია „გამოჭერილ იქნა ტყუილში“

Tags

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 ნოემბერს ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭვდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა, რომ „სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილ იქნა ტყუილში“. მანვე „ტყუილის“ გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, რომელმაც არასამთავრობოები „რუპორად“ გამოიყენეს.

20 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართეს და კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ, არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. მოგვიანებით, ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა უარყო, პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში, საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის პრინციპში, ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები [პროკურატურაში] იმიტომ, რომ თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ, შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს ნაციონალური მოძრაობიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით არასამთავრობო ორგანიზაციები არიან „მსხვერპლი“, რადგან ნაციონალურ მოძრაობას „სჭირდებოდა არასამთავრობოს რუპორი“, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი და ისინი აღმოჩდნენ „ურთულეს მდგომარეობაში“.

დღეს ამ თემაზე კომენტარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს „წყარო მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის“ და იკვეთება „კონკრეტული ინტერესი, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ“. მდინარაძემ არასამთავრობოებს მოუწოდა „უფრო მეტი ინფორმაცია“ მიაწოდონ საზოგადოებას და საგამოძიებო უწყებას, იმისთვისაც, რომ მათ „რაიმე სპეკულაცია“ არ დააბრალონ.

არასამთავრობოების განცხადებაზე მთავარ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 21 ნოემბერს საგამოძიებო უწყებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები დაიბარეს. პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძეც. ის არასამთავრობოების განცხადებას „ცილისწამებას“ უწოდებს . მისი თქმით, ეს ყველაფერი „პოლიტიკურ პროცესებს“ უკავშირდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ წყაროს სურვილის გათვალისწინებით, საგამოძიებო უწყებისთვის, მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ. თუმცა, გიგაურის თქმით, პროკურატურას „საკმარისი ინფორმაცია“ მიაწოდეს და „დანარჩენი გამოძიება მათ უნდა ჩაატარონ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წყაროს უსაფრთხოების მოტივით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა საგამოძიებო უწყებას მისი ვინაობა არ გაუმხილა. პროკურატურისვე ინფორმაციით, ანალოგიური ინფორმაციის მიწოდებისგან თავი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა“ ირმა პავლიაშვილმაც შეიკავა და მხოლოდ „ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით“ შემოიფარგლა.

„ყოველივე ეს საგამოძიებო ორგანოს მიერ „აღქმული იქნა, როგორც მოწმის უარი, ნებაყოფლობით მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, პროკურატურა იმსჯელებს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასახელებულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ მას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წყარო გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს. მისივე თქმით, ფაქტი, რომ წყაროს საკითხის შესახებ ღიად საუბარი არ სურს, „უფრო დიდ და მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია“. სალაძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ, „რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ არსებობს პოლიტიკური ნება საქმის გამოძიების თაობაზე“.

„კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის მმართველ ძალასთან ასოცირებული და რაც ყველაზე სამწუხაროა მაღალი თანამდებობის პირები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია მოხდეს“, – აცხადებს სულხან სალაძე.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button