Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 25 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საპრეზიდენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშებში ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ამახვილებენ.

ISFED-ის განმარტებით, წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვება 1-24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა და მონიტორინგში ის ფაქტებიც მოხვდა, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და ორგანიზაციისთვის მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. წინასაარჩევნოდ, ეს ISFED-ის უკვე რიგით მესამე შუალედური ანგარიშია. TI-ის ანგარიში კი, 1 ივნისიდან 20 ოქტომბრის ჩათვლის პერიოდს მოიცავს.

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

ISFED-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში შევიდა, „შესამჩნევად პოლარიზებული” გახდა. კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა კანონმდებლობის დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.

ორგანიზაციისავე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

ანგარიშის მიხედვით, საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ე.წ. „მხარდამჭერთა სიების” შეგროვებას ავალებენ. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საანგარიშო პერიოდში, ადგილი ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების დაზიანებას.

ISFED-ის განმარტებით, უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას 32 საჩივრით უკვე მიმართა და რამდენიმე საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის შემთხვევაში, თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო ადინისტრაციამ ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო და დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა”, – ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით პრობლემური იყო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის გასაშუქებლად კანონთან შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. „გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებითაც, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეგნებულად იყო მიკერძოებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

წინასაარჩევნოდ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლებს მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის გადამოწმება დაავალა და იმ სამი წინასაარჩევნო კლიპის ეთერიდან ამოღების რეკომენდაციით მიმართა, რომლებშიც სალომე ზურაბიშვლი უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

TI-ის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობრივ ინციდენტებს ადგილი თითქმის არ ჰქონი, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრებზე ხშირად გვხვდებოდა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მიერ კონტრაგიტაციის შემთხვევები.

TI-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ, განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასაარჩევნო შეხვედრებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების მობილიზება და მათთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულება, ასევე, უკანონო აგიტაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების საარჩევნო მიზნებით გამოყენების რამდენიმე შემთხვევაც.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე „თავდასხმა“

სამართლიან არჩევნებსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო „სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმისა და მათი დისკრედიტაციის მცდელობებმა“. არასამთავრობოების ანგარიშებში აღნიშნულის საილუსტრაციოდ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან არასამთავრობო სექტორზე „თავდასხმის“ მაგალითებია მოყვანილი.

რეკომენდაციები

არსამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმების, ასევე უკანონო აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართავენ. პოლიტიკურ პარტიებს კი ურჩევენ, რომ , ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელი არ შეუშალონ და ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button