ახალი ამბები

ჟურნალ ლიბერალის რედაქტორის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორის ცემის საქმეზე, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში „ლიბერალის“ რედაქტორს ზურა ვარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ მას ზურა ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

უწყების ამ ვერსიაზე, კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელშიც 12 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული გუშინ განცხადება გაავრცელა. კოალიცია „შეშფოთებას გამოთქვამს“ და შს სამინისტროსგან ფაქტის დროულ გამოძიებას, მოწმეების დაკითხვას და ზურა ვარდიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმა მის „ჟურნალისტურ საქმიანობას ხომ არ უკავშირდება“, დადასტურების შემთხვევაში კი, საქმეს „შესაბამისი კვალიფიკაცია“ უნდა მიეცეს.

გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება თავად დაზარალებული – ზურა ვარდიაშვილიც. „ან გამოძიება ხელს აფარებს თავდამსხმელებს, ან საოცრად არაკვალიფიციურები არიან და ბრალის წაყენება არ შეუძლიათ…მხოლოდ ჩემზე თავდასხმა არ არის ეს, ეს ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე თავდასხმაა, კანონით დაცულ საზოგადოებაზე თავდასხმაა და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ. როგორც არამხოლოდ ამ შემთხვევის მონაწილე, არამედ, როგორც უბრალოდ მოქალაქე და ჟურნალისტი“, – ის Facecbook-ის საკუთარ გვერდზე.

ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორს ზურა ვარდიაშვილს 15 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში დაუდგენელი პირების ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button