ახალი ამბები

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს თავის ახალ რანგში სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. დღეს ის თავის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ბახტაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და სომხეთის ახალ მთავრობებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილონ და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

თავის მხრივ, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისს და ერევანს სურთ, რომ მათი ეკონომიკური გაცვლის ხარისხი მათ პოლიტიკურ თანამშრომლობას შეესაბამებოდეს, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის გზით.

ერევანში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანსაც შეხვდა.

ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკვე მესამე ოფიციალური ვიზიტია. 18-20 ივლისს ბახტაძე ბრიუსელს, ხოლო 30 აგვისტოს ბაქოს სტუმრობდა.

ბახტაძის ვიზიტამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, მისი სომეხი კოლეგა 30-31 მაისს თბილისს სტუმრობდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს სომხეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 490 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 208.7 მილიონი აშშ დოლარი (2016 წელს 150.8 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 281.3 მილიონი (2016 წელს 216.9 მლნ აშშ დოლარი) იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button