ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

Tags

საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პოსტზე მამუკა ბახტაძე დაინიშნა, რომელმაც მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მცირე მთავრობის კონცეფცია დაასახელა, რისთვისაც შესაბამისი სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები გახდა საჭირო.

მამუკა ბახტაძის კაბინეტს პარლამენტმა მხარი პირველად 20 ივნისს დაუჭირა. თუმცა, მთავრობის შემადგენლობა დროებითი იყო და პრემიერ-მინისტრს განახლებული კაბინეტი შესაბამისი სტრუქტურული და საკანომდებლო ცვლილებების შემდეგ უნდა დაესახელებინა.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 5 ივლისს დაამტკიცა. შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობას 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერმა 12 ივლისს დაასახელა. ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები შემდეგმა მინისტრებმა შეინარჩუნეს:

  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, ის ამ თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან უცვლელად ინარჩუნებს;
  • თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია, მას მინისტრის პოსტი 2016 წლის აგვისტოდან უკავია;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, რომელიც მინისტრის მოვალეობას 2018 წლის 20 ივნისიდან ასრულებს; 
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია, მას შსს-ის მინისტრის პოსტი 2017 წლის ნოებრიდან უკავია;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ის ამ თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი, რომელიც მინისტრის პოსტზე 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა;
  • შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი, მას მინისტრის პოსტი 2016 წლის აგვისტოდან უკავია.

მთავრობის ახალი წევრები არიან:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი მიხეილ ბატიაშვილი. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზენს-სკოლის დეკანი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა პროექტს– „სილიკონ ველი თბილისი“, რომელსაც ფონდი ქართუ ახორციელებდა;
  • ფინანსთა მინისტრი – კომპანია ჯეოსელის საცალო ბიზნეს ერთეულის ყოფილი დირექტორი ივანე მაჭავარიანი. ის კომპანია ჯეოსელში 1997 წლიდან მუშაობდა. 2006-2012 წლებში ის ჯეოსელის ფინანსური დირექტორი იყო, ხოლო 2012-2015 წლებში, კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და მარკეტინგის, გაყიდვებისა და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – პროფესიით ექიმი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ მოსკოვის ოფისის უკვე ყოფილი უფროსი პარტნიორი გიორგი ქობულია. 1994-1996 წლებში ის საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტში ექიმ-კარდიოლოგად, ხოლო 1996-1999 წლებში, საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია Merk, Sharp & Dohne – ში მუშაობდა.

მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მათი კრიტიკის მთავარი ადრესატები ძალოვანი მინისტრები იყვნენ. განსაკუთრებული კრიტიკა კი, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისკენ იყო მიმართული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით „ახლა მივიღეთ ყველაზე უხარისხო მთავრობა და მინისტრების სრულ შემადგენლობას, იუსტიციის მინისტრის სახით, „კარგი, მაგარი დამღა აქვთ ზურგზე. ევროპული საქართველო წევრის სერგო რატიანის შეფასებით კი, „გუშინ ჩვენ ვნახეთ რამდენად მძიმედ გამოიყურებოდა ძალოვანი მინისტრების გუნდი და „ეკონომიკური საკითხების მიმართულებითაც ჩანდა არაკომპეტენტურობა. „ძალიან მძიმე იყო ასეთი მთავრობის ყურება. შესაბამისად, ჩვენ ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ, – დასძინა მან.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი გაუქმდა და მისი ფუნქციები სამ სამინისტროზე გადანაწილდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button