
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდი 2025 წლის 25-26 ივნისს გაიმართა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
დისკუსიების დროს ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.
თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან მონაწილეთა ერთგულებას „ამ მნიშვნელოვანი პროცესისადმი“ და ხაზს უსვამენ, რომ ფართო რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, მოლაპარაკებებმა „პროგრესს უნდა მიაღწიოს და დღის წესრიგის ძირითადი საკითხები უნდა განხორციელდეს კონფლიქტით დაზარალებული ყველა ადამიანის სასარგებლოდ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.
მეორე სამუშაო ჯგუფში დევნილთა საკითხის განხილვაზე უარი ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში დევნილების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის წარდგენით ახსნეს და მას თბილისის მიერ ამ პრობლემის პოლიტიზების მცდელობა უწოდეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2025 წლის ნოემბერში გაიმართება.
This post is also available in: English