skip to content
ახალი ამბები

საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს.

ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, დღეს მთელი საზოგადოება კვლავ შეშფოთდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის გამწარებით, იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.

ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისათვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, – ნათქვამია საპატრიაქროს პირველი ივნისის განცხადებაში.

საპატრიარქოს შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხელახალი გამოძიების დაწყება, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და უცხოელი ექსპერტების მოწვევა წინგადადგმული დიდი ნაბიჯია.

საპატრიარქოს განმარტებით, აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ასევე, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფაც, მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.

საპატრიარქო ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს უმართავი პროცესების განვითარებას, მითუმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება“.

ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო ამ მიმართულებებით, ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარების მნიშვნელობაზე საუბრობს, რადგან საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button