skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროგრამა საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისკენ იქნება მიმართული


ღირსეული პარტნიორი 2017 – აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები, ვაზიანის საწვრთნელი ბაზა, 1 აგვისტო, 2017. ფოტო: Eana Korbezashvili / Civil.ge

აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის განხორციელებაც 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ითვალისწინებს საქართველოს „ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 13 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ. 

იზორიას თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თანამშრომლობის „თვისობრივად  სრულიად ახალ ეტაპზე“ იმყოფება. „ჩვენ გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმებზე ვმუშაობთ, რომელიც სამ-ხუთ წელზეა გათვლილი, ეს სიახლეა ჩვენს ურთიერთობაში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საგრძნობლად გაიზარდა საგარეო თავდაცვის დაფინანსება საქართველოსთან მიმართებაში, ის ყოველ წელს მზარდია“ და რომ 2017-2018 წლებში ეს თანხა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც „განსაკუთრებით მოხმარდება ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნებს და აღჭურვას“. 

„ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელსაც მომავალ წელს ერთობლივად ვიწყებთ და გათვალისწინებული იქნება შემდგომი სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონის მომზადება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის ფარგლებში ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენრტი გაიხსნება და მოხდება თანხების ინვესტირება თანამედროვე ტაქტიკური საშუალებების, მათ შორის, უსაფრთხო კავშირგაბმულობის სისტემის შესაძენად.

„ყველაფერი ეს მოგვცემს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო თავდაცვისუნარიანი, მდგრადი, საიმედო და შეკავების შესაძლებლობების  ჩამოყალიბების რეალურ საფუძველს შექმნის, რაც არის ყველაზე კარგი, ეფექტიანი საშუალება იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ორივე მიმართულებით, როგორც საერთაშორისო მისიების ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, ისე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვითი ამოცანების ინტერესებიდან გამომდინარე“, – დასძინა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა წვრთნის ახალ პროგრამაზე 14 ნოემბერს სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი სასწავლო ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განთავსდება. მისი თქმით, დაგეგმილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა ცხრა ბატალიონისთვის და „ეს პროცესი დაწყებულია და ის ითვალისწინებს შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად“.

„პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს, კერძოდ, ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – დასძინა იზორიამ.

მსგავსი/Related

Back to top button