skip to content
ახალი ამბები

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ხელახალი ავტორიზაცია ვერ გაიარა

თბილისში მდებარე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ხელახალი ავტორიზაცია ვერ გაიარა. მიზეზად სკოლაში აღმოჩენილი სხვადასხვა ტიპის დარღვევები დასახელდა.

გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 29 აგვისტოს გამართულ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღო. ცენტრი ავტორიზაციის შეჩერების შესახებ მიღებულ ოქმს ათი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.

კოლეჯს ავტორიზაციის ხუთწლიანი ვადა 21 აგვისტოს ამოეწურა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, კოლეჯმა ხელახალი ავტორიზაცია სტანდარტების დარღვევის გამო ვერ გაიარა. კერძოდ, დარღვევები ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში აღმოჩნდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრის, რევაზ აფხაზავას, განმარტებით, კოლეჯს „მრავალრიცხოვანი“ დარღვევები ჰქონდა და მისი დახურვა „პოლიტიკურ საკითხს“ არ უკავშირდება. 

„სკოლა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით თურქეთის მოქალაქეებს (მოსწავლეებს) იღებდა, მოკლე პერიოდში აფიქსირებდა, რომ მათ დაძლიეს პროგრამა ქართულ ენაზე, რაც ნონსენსია… სკოლაში ასევე მოუწესრიგებელი იყო მოსწავლეების აღრიცხვა“, – განუცხადა Сivil.ge-ს რეზო აფხაზავამ და დასძინა, რომ მოკვლევის შედეგად დადგინა, რომ 87 არაქართველი მოსწავლე დარღვევებით ჩაირიცხა.

30 აგვისტოს, დემირელის სახელობის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა, გააკეთა და განაცხადა, რომ კოლეჯს „ჰქონდა დარღვევები“. 

ნატა ასათიანის თქმით, სამინისტრო ყველა პირობას შექმნის, რათა დემირელის კოლეჯის მოსწავლეების და მასწავლებლების გადანაწილება სხვა სკოლებში მოხდეს.

„რამდენიმე კერძო სკოლასთან სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები“, – განაცხადა ნატა ასათიანმა.

დემირელის სახელობის კოლეჯის და მისი პარტნიორი სკოლების მმართველი, თურქეთის მოქალაქე, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, თბილისში, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, დააკავეს. მას ბრალად ედება ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი, რასაც ბრალდებული უარყოფს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა. გარდა ამისა, ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი უკვე მეორე თურქული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წელს საქართველოში იხურება. 

მოსწავლეების ჩარიცხვის კუთხით პრობლემების არსებობის საფუძვლით, 2017 წლის 3 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ბათუმში დაიხურა რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შედიოდა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და სულეიმან დემირელის, შეთანხმებით დაარსდა და 1993 წლიდან ფუნქციონირებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button