skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ხანძარს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 25 აგვისტოს გააკეთა კომენტარი „ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისა და მედიის“ განცხადებებზე რუსეთის შესაძლო კავშირის შესახებ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან, რომელიც 20 აგვისტოს სოფელ დაბაში გაჩნდა 100 ჰექტარზე მეტ ტყის ფართობს მოედო.  
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, 24 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში გაჩენილი ხანძრების სერია „დაემთხვა“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაავლებას“, რაც უკავშირდება ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სოფელ არცევთან „ხანძარსაწინააღმდეგო ხაზების აღდგენის“ შესახებ (ცხინვალი მსგავს სამუშაოებს სოფლების – ორჭოსანის და წინაგარის – მიმდრებარე ტერიტორიაზე სექტემბერში გეგმავს).
„ეს არის ფაქტი, მოცემულობა, რომ ეს ასე მოხდა. ე.წ. ანტისახანძრო ხნულები გაივლო და ამას დაემთხვა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ არის საჭირო არაფერზე და უნდა შევინარჩუნოთ ის სიმშვიდე, რომელიც ახასიათებს [ჩვენს] სტრატეგიას და პოლიტიკას,“ – განაცხადა ვოლსკიმ. 
ხანძართან რუსეთის შესაძლო კავშირის შესახებ საუბრისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ყველაფერი უნდა დაშვებულ იქნას. შეიძლება, შიდა იყოს, შეიძლება, გარე ფაქტორებით იყოს განპირობებული. უამრავი ამის საფუძველი არსებობს. აღმოჩენილია რაღაც ფაქტები, რომ ვიფიქროთ, ეს გამიზნულად კეთდება“.
„თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს კომპეტენტურმა ხალხმა“, – დასძინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 
მარია ზახაროვამ, რომელმაც ამ განცხადებას 25 აგვისტოს უპასუხა, აღნიშნა, რომ „ზედმეტად მიგვაჩნია იმ ადამიანების არაჯანსაღი ფანტაზიების კომენტირება, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სტიქიურ უბედურებასაც კი იყენებენ მორიგ საბაბად ანტირუსული ინსინუაციებისათვის“. 
მიუხედავად იმისა, რომ „მთელი რეგიონის მასშტაბით [რუსეთსა და სომხეთში] რუსეთის მაშველები მაღალი დატვირთვით მუშაობენ“, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი „დაუყოვნებლივ გამოეხმაურა თბილისის თხოვნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძარის ჩაქრობაში დახმარების გაწევის თაობაზე“. 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ილ-76 ტიპის სახანძრო თვითმფრინავი გამოყოფილ იქნა ამ მიზნისათვის, თუმცა, ქართულმა მხარემ „მადლობა გადაგვიხადა და გვაცნობა, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ჩვენს დახმარებას აღარ საჭიროებენ“. „გულწრფელად ვუსურვებთ ჩვენს მეზობლებს, სწრაფად შეძლონ ხანძრის ჩაქრობა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, უარყო, რომ თბილისი მოსკოვს დახმარებისთვის პირდაპირ დაუკავშირდა. მისი თქმით, საქართველომ დახმარების თხოვნით გაეროს მიმართა, რომელმაც თავის მხრივ ეს თხოვნა რამდენიმე ქვეყანას გადასცა. 
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე 24 აგვისტოს ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს წინადადება არის მისასალმებელი“. პრემიერ-მინისტრს მოსკოვის დახმარებაზე თბილისის უარის მიზეზები არ დაუზუსტებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button