skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის მეთაურობით საქართველოში სამხედრო წვრთნები დაიწყო


"ღირსეული პარტნიორის" გახსნის ცერემონია, 30 ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 30 ივლისს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება.

წვრთნებში ჩართულია 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 800 ქართველი და 1600 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას ასევე სომხეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროები იღებენ.

სწავლების ძირითადი მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერება.

სწავლების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: სამხედრო-საჰაერო დესანტის ოპერაციები, აშშ-ის 173-ე მსუბუქი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის ხელმძღვანელობით; აშშ-ის მეოთხე ქვეითი დივიზიის მესამე ჯავშანსატანკო ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონისა და საქართველოს მეოთხე ბრიგადის ერთობლივი საბრძოლო მოქმედებები; ბულგარეთიდან ფოთის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აღჭურვილობისა და ტექნიკის ჩამოტანა; ასევე ერთობლივი საბრძოლო სროლები, რომელიც თავდაცვითი სცენარით წარიმართება.

სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“, რომელიც „ღირსეულ პარტნიორში“ პირველად მონაწილეობს, ბულგარეთიდან, ბორანის საშუალებით, ფოთის პორტში ჩამოიტანეს

„სტრაიკერები“ და სხვა სამხედრო მანქანები, 31 ივლისს, სენაკის სამხედრო ბაზიდან დაიძრნენ და, რამდენიმე ქალაქის გავლით, ვაზიანში ჩავიდნენ. ამერიკული სამხედრო ტექნიკის კოლონამ გაირა ქალაქი გორიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის აგრესიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა. 

სხვა ამერიკული ტექნიკა, მათ შორის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან, ბორანის საშუალებით, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა, იქედან კი, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სარკინიგზო ეშელონებით ჩავიდა. ტექნიკის ნაწილი სამხედრო თვითმფრინავებითაც ჩამოიტანეს.

წვრთნების გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას, 30 ივლისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ სამხედრო სწავლებას „უმნიშვნელოვანესი“ მოვლენა უწოდა და განაცხადა: „მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი – "ღირსეული პარტნიორი", იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გლობალური სტაბილურობის დროშა“.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა. „ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის – ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, წვრთნებს საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი „ყველაზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დინამიური“ სწავლება უწოდა და განაცხადა, რომ ეს წვრთნები „თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდას ერთად“, კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. 
 
„სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონალური სტაბილურობისადმი“, – აღნიშნა იზორიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ნაწილია ამერიკის ხელმძღვანელობით შავი ზღვის რეგიონში დაწყებული სამხედრო სწავლებათა სერიისა, რომლის ფარგლებშიც წვრთნები სახელწოდებით Saber Guardian ბულგარეთში, უნგრეთსა და რუმინეთში ტარდება, უკრაინაში კი – See Breeze მიმდინარეობს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button