skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ბათუმის მე-14 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩმა, შეაქო საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან  ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულების გამო.   

თავის გამოსვლაში შეფჩოვიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც „ლიდერის“ როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე როგორც „მაგალითს ეკონომიკური და სოციალური მოქნილობისა“.

„უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული ყველა სფეროში, დაწყებული პოლიტიკური და დამთავრებული ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროებით, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, მას შემდეგ, რაც 2016 წლის ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ასოცირება საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ასევე საერთო დღის წესრიგი, საერთო ინტერესები და ვალდებულებები გვაქვს, რათა ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ მომდევნო თვეებში და წლებში, და ასევე გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა „ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მთავარი პარტნიორია“.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სატრანზიტო როლი კასპიის ზღვიდან სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპულ ბაზარზე ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდების საქმეში“, – აღნიშნა შეფჩოვიჩმა და დასძინა, რომ „მისი რეალიზაცია და მისი შესაძლო გაფართოება მნიშვნელოვანი ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება“.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა მიულოცა. „საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში მნიშვნელოვანი მიღწევაა და კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ საქართველომ ევროპული გზა აირჩია“, – აღნიშნა მან.

„ამ კონტექსტში ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ენერგობაზრის რეფორმირებაში, რაც მოიზიდავს ინვესტიციებს, გაზრდის კონკურენციას და გააუმჯობესებს ენერგოსექტორის მდგრადობას და უსაფრთხოებას“, – დასძინა შეფჩოვიჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button