
რეინტეგრაციის უწყებას ‘შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის’ სამინისტრო დაერქმევა
1 იანვრიდან "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი" დაერქმევა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
„ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას – კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას“, – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 29 ნოემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც განიხილეს მისი უწყებისთვის სახელის გადარქმევის საკითხი.
ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან ამოქმედებული ახალი წესების შედეგად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს მთავრობა განსაზღვრავს, ნაცვლად პრეზიდენტისა.
ზაქარეიშვილს გაცილებით ადრე სურდა მისი უწყების სახელწოდების შეცვლა, რის გაკეთებასაც, მისი თქმით, აფხაზურ და ოსურ მხარეებსაც „შეპირდა“, თუმცა მან ამაზე თანხმობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ვერ მიიღო.
„ამ უწყების დასახელებაში სიტყვა „რეინტეგრაცია“ აფერხებდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კონტაქტს. ახალი სახელწოდება ნეიტრალური და ორი მიმართულების შემცვლია და ვიმედოვნებთ, რომ სახელის ამგვარად შეცვლით, ჩვენი ოპონენტების ერთი არგუმენტი გაქრება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
2008 წლის იანვარში, როდესაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაერქვა, ახალმა სახელწოდებამ სოხუმის და ცხინვალის უკმაყოფილება გამოიწვია; იმ დროს ორივე სეპარატისტული რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააფრთხილეს კიდეც, რომ ისინი არ ჩაერთვებოდნენ მოლაპარაკებებში „რეინტეგრაციის“ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)