ახალი ამბები

სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი ‘წყალდიდობის გამო ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ბაქოში Crans Montana-ს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა, სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარასკევს.

ძლიერმა წვიმამ გასულ ღამეს სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე რაიონის დატბორვა გამოიწვია; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე მეტი ზიანი წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონებს მიადგა, სადაც სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა, ხოლო რამდენიმე ხიდი წყალმა წაიღო; რამდენიმე ადგილას მომხდარმა მეწყერმა ადგილობრივი გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. წყალდიდობას მსხვერპლი არ მოყოლია.

მაისში პრეზიდენტი სააკაშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში მსხვერპლით დასრულებული წყალდიდობის შემდეგ იგი ბრატისლავაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს და ჰოლანდიას შორის 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრო, შემდეგ კი მილანში ჩავიდა, სადაც ძვირადღირებულ მაღაზიებში სტუმრობისას გადაღებული მისი ფოტოები გავრცელდა.

მსგავსი/Related

Back to top button