
ბურჯანაძე: ‘ბრძოლას არ შევწყვეტ’
ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ბოლოდროინდელი ქუჩის საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ ხელისუფლების ბრალდებები, რომ პროტესტი ძალადობრივ მიზნებს ემსახურებოდა, „ბოდვაა“ და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
მას ასევე კატეგორიულად უარყო ხელისუფლების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საპროტესტო აქციებთან კავშირი ჰქონდა სავარაუდო შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც პოლიციის განცხადებით, პროცესში ჩართვას მას შემდეგ აპირებდა, რაც დემონსტრანტები ძალადობას წამოიწყებდნენ თბილისის ქუჩებში.
30 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბრალდებულად ცნო "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში“. პროკურატურის განცხადებით, ის არ აპირებს მოითხოვოს სასამართლოსგან წინასწარი პატიმრობა ბიწაძისთვის, რომელიც არ იქნა დაკავებული, არამედ მიმართავს შუამდგომლობით გირაოს შეფარდების თაობაზე.
30 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი ქმრის წინააღმდეგ ბრალდებები იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება უშუალოდ მის წინააღმდეგ აწარმოებს.
"სააკაშვილს ნაკლებად აწყობს ჩემი დაჭერა იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ყოფილი, თუ ახლანდელი მინისტრებისგან განსხვავებით, ვერანაირ აღიარებით ჩვენებას, ვერავითარ შემთხვევაში, მით უფრო არარსებულ დანაშაულში ნამდვილად ვერ მიმაცემინებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიმ ციხიდან გამოსული ბურჯანაძეც მისთვის [სააკაშვილისთვის] არის საფრთხე,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
"რა არის საჭირო ბურჯანაძის გასანეიტრალებლად? მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაცია და დატერორება, ბურჯანაძის პოლიტიკური და მორალური იმიჯის განადგურება,“ – განაცხადა მან, "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც არ უნდა უქნან ჩემი ოჯახის წევრებს, მე ბრძოლას არ შევწყვეტ… კიდეც რომ მოკლათ [ბადრი ბიწაძე], მაინც ვერ გამაჩერებთ; უფრო მეტად ვიბრძოლებ“.
"სად არის ერთი ქმედებაც კი, რომელიც ლაპარაკობს, რომ ის ბრალდებები, ის ბოდვა, რასაც ჩვენ ვისმენთ დღეს ჩვენთვის სრულიად უცნობი, თუ ნაცნობი ადამიანებისგან, რომ რაიმე კავშირშია სიმართლესთან? სად არის ერთი დამამტკიცებელი საბუთიც კი – ზეწოლის ან პროვოკატორების მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენების გარდა – რომელიც ლაპარაკობს იმას, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას ან არამშვიდობიან აქციას გეგმავდა?“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
30 მაისს სახალხო კრებამ განაცხადა, რომ მიუხედავად 26 მაისის "სადამსჯელო სპეცოპერაციისა“, სახალხო კრება "განაგრძობს ბრძოლას სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)