საქართველომ სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი წარადგინა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც კვიპროსს სტუმრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 127-ე სესიაზე დასასწრებად, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა.
კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს, რომელთა შორისაა ოჯახური ძალადობაც, ევროპის საბჭოს მინისტრმა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. საქართველო ევროპის საბჭოს 23-ე ქვეყანაა, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ქვეყანა სტამბოლის კონვენციას 2014 წელს შეუერთდა, ხოლო მისი რატიფიკაცია 2017 წლის მაისში მოახდინა.
„საქართველოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა ევროპის საბჭოს იმ ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.
კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. სხვა გზებთან ერთად, ამისათვის შესაძლებელია დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში პოლიციისათვის დამნაშავის თავის სახლიდან გაყვანის უფლებამოსილების მინიჭება, ადვილად ხელმისაწვდომი თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრების შესაბამისი რაოდენობით მოწყობა და 24/7 საგანგებო ცხელი ხაზების უზრუნველყოფა.
კონვენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) შექმნა, რომელიც პასუხისმგებელია მხარეთა მიერ კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე. GREVIO თავის პირველ დასკვნას მიმდინარე წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ვინაიდან საქართველომ მხოლოდ ახლახან მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, ანგარიში საქართველოს შესახებ მოგვიანებით მომზადდება.
კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, 18 მაისს მიხეილ ჯანელიძე თავის კვიპროსელ კოლეგას იოანის კასულიდის შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით გამოვა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
This post is also available in: Русский (რუსული)