Placeholder canvas
ახალი ამბები

სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს აცხადებს

მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხებისა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერია, პროპორციული მანდატის მიღებაზე უარი განაცხადა.

მან შესაბამისი განაცხადით ცესკოს მიმართა, თუმცა მიზეზებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. რულოვსის გადაწყვეტილებზე ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ მის ამ პირად არჩევანს პატივს სცემენ.

„ეს ქალბატონი სანდრას პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებაც ჩვენ წინასწარ ვიყავით ინფორმირებული“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა.  

როგორც ცესკოში განაცხადეს, ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია რულოვსის განაცხადს ვერ განიხილავს და მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს პარლამენტში მის ადგილმონაცვლეზე მსჯელობა, რაც ახალი პარლამენტი ჯერ ცნობს რულოვსის სადეპუტატო უფლებამოსილებას და შემდეგ მისივე განაცხადის საფუძველზე კენჭისყრით შეუწყვეტს მას მანდატს.

ნაციონალურ მოძრაობას 8 ოქტომბრის არჩევნებზე მიღებული ხმათა 27.11%-ის საფუძველზე ახალ პარლამენტში 27 პროპორციული მანდატი ექნება; იმ შემთხვევაში, თუ რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, სავარაუდოდ, მის ადგილს პარლამენტში მოქმედი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს, თუ თავად არ იქნება ამის წინააღმდეგი.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავდაპირველ საარჩევნო სიაში საერთოდ არ ფიგურირებდა, მეორე ნომრად პარტიამ მას შემდეგ შეიყვანა, რაც ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მას შემდეგ, რაც ის მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, მათ შორის განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში ხმათა 44.8%-ით დამარცხდა, რულოვსმა მეორე ტურში თავისი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ვინაიდან მისი გვარი ქართული ოცნების აწ უკვე გამარჯვებულ კანდიდატთან ერთად მაინც ფიგურირებდა ბიულეტენში, მას ამომრჩეველთა 28.91%-მა მისცა ხმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button