ახალი ამბები

თბილისი გმობს მოსკოვის მიერ ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე სოხუმთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ რუსულ-აფხაზური გაერთიანებული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირებას, როგორც „ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგ უკანონო ეპიზოდს“, რომელიც „მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას“.

რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ეს ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში გააფორმეს  „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ იმ ჩარჩო შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიდო და სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბებას „აგრესიის მოგერიების“ მიზნით. ამ დაჯგუფებაში აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა შევა და მას გაერთიანებული სარდლობა ეყოლება.

"მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ  საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა", – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

რუსეთის სათათბირომ ხელშეკრულების რატიფიცირება 2 ნოემბერს 410 ხმით მოახდინა მაშინ, როცა სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში ანალოგიური პროცედურა 2015 წლის დეკემბერში, ხელმოწერიდან ერთ თვეში განხორციელდა.

„დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button