skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს საქართველოში, ხმების  ოფიციალური დათვლის პირველადი შედეგების ჩათვლით, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში.

„არჩევნების მეორე რაუნდისთვის და მეორე რაუნდამდე დარჩენილ პერიოდში, ყველა პარტიამ და კანდიდატმა თავი უნდა შეიკავოს დაპირისპირებისა და ძალადობისგან,  პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ერთგული მხარდამჭერია. საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშავოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან  მჭიდრო პოლიტიკური ეკონომიკური და  ურთიერთობების განსამტკიცებლად, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ურთიერთვალდებულებზეა დაფუძნებული. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წევრმა ერთად იმუშავოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ“, – განაცხადეს მოგერინიმ და ჰანმა. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით, ევროკავშირის განცხადება აღნიშნავს, რომ არჩევნები „კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული“.

„თუმცა, კამპანიისთვის დამახასიათებელ მშვიდ და ღია გარემოზე ზეგავლენა იქონიეს არაკანონიერი კამპანიის წარმოების შესახებ განცხადებებმა და ძალადობის ცალკეულმა შემთხვევებმა. არჩევნების დღე ზოგადად წესრიგის დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და რამდენიმე ძალისმიერ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნების სიახლოვეს და თვით საარჩევნო უბნებშიც.  მაგრამ, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„ნებისმიერი დარჩენილი ხარვეზი OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა აღოიფხვრას“, – განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button