ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა დაიწყო

დილის 8 საათიდან ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაიხსნა.

სულ 3 645 უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, რომელიც საღამოს 8 საათზე დასრულდება.

„დღეს ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა; ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს,“- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ შაბათს დილით გამართულ ბრიფინგზე.

საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ქართველ ამომრჩევლებს 40 ქვეყნის 47 ქალაქში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში გახსნილ 55 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ ხმის მიცემა.

საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 884–ს შეადგენს.

არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია გაუწევს მონიტორინგს 29 931 დამკვირვებლის მეშვეობით.

ცესკომ 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც არჩევნებს 1 440  უცხოელი დამკვირვებლის მეშვეობით მიადევნებენ თვალს. მათ შორის არიან:

324 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიიდან;
38 დეპუტატი და წარმომადგენელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან;
28 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან;
17 ნატო საპარლამენტო ასამბლეიდან;
13 ევროპარლამენტიდან.

პოლიტიკურ პარტიებს სხვადსხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებში სულ 42 092 წარმომადგენელი ჰყავთ.

19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იბრძვის 150 წევრიან პარლამენტში 77 პროპორციული ადგილის მოსაპოვებლად. პროპორციულ მანდატებს მხოლოდ ის საარჩევნო სუბიექტები გაინაწილებენ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

816 კანდიდატი მაჟორიტარად იყრის კენჭს 73 ერთმანდატიან ოლქში, რასაც პირველივე ტურში გასამარჯვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო; წინააღმდეგ შემთხვევაში მაქსიმუმ 25 დღეში მეორე ტური დაინიშნება გამარჯვებულის გამოსავლენად.  

ცესკო საარჩევნო უბნებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების თავის ვებ-გვერდზე ატვირთვას ეტაპობრივად, მიღებისთანავე გეგმავს.

ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ეგზით პოლის შედეგები გამოცხადდება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც 8 საათზე უბნები დაიხურება. 

ოთხმა ტელეკომპანიამ – საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და GDS –ერთობლივად დაუკვეთეს ეგზით პოლები TNS Opinion-ს, ხოლო საველე სამუშაოებს  ქართული კომპანია „გორბი“ განახორციელებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა ეგზით პოლების ჩატარება GfK–ს დაუკვეთა, რომლის საველე სამუშაოებსაც BCG Research განახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button