ახალი ამბები

თიბისი ბანკი Societe Generale–ის ბანკ რესპუბლიკას 121 მლნ ევროდ შეიძენს

Societe Generale Group–მა ორშაბათს განაცხადა, რომ ის დათანხმდა თავისი საკონტროლო პაკეტი ქართულ  ბანკ რესპუბლიკაში საქართველოს მეორე უმსხვილეს ბანკს, თიბისი ბანკს მიყიდოს.  

თიბისი ბანკი ბანკ რესპუბლიკაში Societe Generale–ის აქციების 93.64%–ს შეიძენს 315 მილიონ ლარად (121 მლნ ევრო) იმ გარიგების ფარგლებში, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.

თანხის 30% თიბისი ბანკის ახლად გამოშვებული აქციების სახით იქნება გადახდილი; შედეგად, როგორც Societe Generale–მა განაცხადა, მის მფლობელობაში „შეზღუდული რაოდენობის აქციები“ დარჩება თიბისი ბანკში.

თიბისი ბანკმა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავისი აქციების პირველადი განთავსება 2014 წლის ივნისში დაიწყო, განაცხადა, რომ Societe Generale თიბისი ბანკის აქციების 5.4%–ის მფლობელი გახდება, რომელთაც ის ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, ამის შემდეგ კი თიბისი გადაწყვეტს ამ აქციების კუთვნილების საკითხს.

თიბისი ბანკმა ასევე განაცხადა, რომ უკვე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ბანკ „რესპუბლიკას“ დარჩენილი 6.36%–იანი წილის გამოსყიდვაზე, რომლის მფლობელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკია.

Societe Generale Group–მა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2006 წელს ბანკ რესპუბლიკას საკონტროლო პაკეტის შესყიდვით შემოვიდა, განაცხადა, რომ ეს ოპერაცია „ძალიან მცირე გავლენას მოახდენს“ მის ფინანსურ კოეფიციენტებზე.

თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ ამ ტრანზაქციის შედეგად ის საქართველოს უმსხვილესი ბანკი გახდება როგორც სესხების, ისე დეპოზიტების მოცულობით, ხოლო ბაზრის  მთლიან სესხებში მისი წილი იზრდება  7.3%-ით და აღწევს 35.7 %-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება  5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს.

ბანკი რესპუბლიკა საქართველოს მესამე უმსხვილესი ბანკია სესხების მხრივ და მეოთხე უმსხვილესი – დეპოზიტების კუთხით.  

Hualing Group-ი, უმსხვილესი ჩინური ინვესტორი საქართველოში, ასევე ფიქრობდა ბანკ რესპუბლიკას შეძენას საქართველოში თავისი საბანკო წარმომადგენლობის გასაფართოებლად.  Hualing Group–მა, რომელიც სხვა აქტივებთან ერთად ასევე ფლობს ბაზის ბანკს,  ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ  ბანკ რესპუბლიკის შეძენის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია; თუმცა შეთანხმება ვერ დასრულდა.

ასევე 12 სექტემბერს თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება პროგრეს ბანკის შერჩეული სესხებისა და დეპოზიტების შეძენის თაობაზე. ეს ბანკი პარტია ქართული ოცნების ერთ–ერთ ლიდერთან, კახა კალაძესთან ასოცირდება.

პროგრეს ბანკის აქციების 21.71% ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.

თიბისი ბანკმა  განაცხადა რომ პროგრეს ბანკის 108 მილიონი ლარის აქტივებისა და 108 მილიონი ლარის დეპოზიტების შეძენაზე მიაღწია შეთანხმებას.

თიბისი ბანკის თქმით, ამ ტრანზაქციის მოცულობა, რომელიც პროგრეს ბანკის დეპოზიტებისა და სესხების ნაწილს შეადგენს, მისთვის ძალიან მცირე მასშტაბისაა და ბანკი რესპუბლიკას ეფექტის გამოკლებით, მისი საერთო აქტივების მხოლოდ 1.6%–ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button