Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში „რუსთავი 2“–ის გადამღები ჯგუფის შეურაცხყოფას ჩხუბი მოყვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირას გამთენიისას უცნობმა მამაკაცმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.  

„რუსთავი 2“–ის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა აეროპორტში იმყოფებოდნენ იმ ქართველი დეპუტატების კომენტარების ჩასაწერად,  რომლებიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიემგზავრებოდნენ.

„რუსთავი 2“–ის ჟურნალისტის ელენე ფირცხალაიშვილის თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ჩიორა თაქთაქიშვილს ესაუბრებოდა, როდესაც მათ უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა; მისი თქმით, როდესაც ოპერატორმა გიორგი ცანავამ უთხრა მას, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, მამაკაცი უფრო აგრესიული გახდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა მამაკაცსა და ოპერატორს შორის; „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ ოპერატორის ცემაში რამდენიმე სხვა პირიც ჩაერთო, რომლებიც თავდამსხმელს ახლდნენ.

დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ მამაკაცი მხოლოდ იმიტომ ლანძღავდა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს, რომ ჟურნალისტიც და ოპერატორიც „რუსთავი 2“–ის თანამშრომლები იყვნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ის შეეცადა ინციდენტი მობილური ტელეფონით გადაეღო, თუმცა მას იმ ადამიანებმა შეუშალეს ხელი, რომლებიც თავდამსხმელს ახლდნენ.

მოგვიანებით კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელსაც თან ახლდა აეროპორტის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერი ხმის გარეშე, რომელზეც ინციდენტის ნაწილია ასახული.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერატორს შეურაცხყოფა მიაყენა მამაკაცმა, რომლის გვარიც მითითებული არ არის, და ამის შემდეგ ის „შემთხვევის ადგილს გაეცალა“. „გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ორივე პირი გამოკითხულია და „წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ“.

შსს–ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი წუთი და 14 წამი გრძელდება და ის იმ მომენტიდან იწყება, როცა მამაკაცი „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტს, ოპერატორს და დეპუტატ თაქთაქიშვილს ჩაუვლის, თუმცა შემდეგ ჩერდება, ბრუნდება გადამღები ჯგუფისკენ და სავარაუდოდ, ისევ ლანძღავს. ოპერატორი კამერას იხსნის მხრიდან, იატაკზე დებს და იმ მამაკაცისკენ მიემართება, რომელიც გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფას აყენებს, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება ხდება. იმავდროულად, ერთი ქალბატონი ხელს უშლის ჩიორა თაქთაქიშვილს, რომ ინციდენტი მობილური ტელეფონით გადაიღოს.

ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტმა ელენე ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერის ეს მონაკვეთი არ იძლევა ინციდენტის სრულ სურათს და თავის განცხადებასთან ერთად შსს ცდილობს, რომ ინციდენტის გამო ბრალი გადამღებ ჯგუფს დასდოს.

„ძალიან საწყენია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი ინციდენტის შემდეგ ისრებს ატრიალებს ჟურნალისტების მიმართ, იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც გახდა თავდასხმის და აგრესიის მსხვერპლი“, – განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. „რუსთავი 2“–ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოითხოვა, რომ ინციდენტი იმ მუხლით იქნას გამოძიებული, რომელიც ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება. თუმცა, შსს–მ განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გადამღებმა ჯგუფმა აეროპორტში თავის საქმიანობის შესრულება დაასრულა.

მსგავსი/Related

Back to top button